„ახალ თაობასთან” ინტერვიუში ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ თუ 2 ოქტომბრის არჩევნებზე 2.5 მილიონი ადამიანი მოვიდა, „ოცნება“ გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი.
– ვერანაირი მაქინაციებით, ვერანაირი ცვლილებებით, ვერანაირი ხრიკებით ვერ მოერევა ვერც ერთი ხელისუფლება ხალხს. ხალხთან ბრძოლა, რომელიც გაჩაღებული აქვს „ოცნებას“, აუცილებლად ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
– რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას მთელი ამ წლების გათვალისწინებით?
– წარსულის გამოცდილება, ნდობა ქართულისაზოგადოების და მისი განჭვრეტობადობის მიმართ. გარწმუნებთ, რომ ხალხის ძალას ვერავინ ვერ აღუდგება წინ.
– ზედმეტად ოპტიმისტურად ხომ არ ხართ განწყობილი?
– არა, ამის საფუძველს მაძლევს ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ქართველი ხალხის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
– ფაქტია, „ოცნებას“ ვერც ერთი ბრძოლა ვერ მოუგო ვერც ოპოზიციამ და ვერც ხალხმა.
– ქართველმა ხალხმა შეძლო და ჩვენი სახელმწიფოებრიობა აქამდე მოიტანა. ჩვენ ჯალალ ედ-დინს, მურვან ყრუს და კომუნისტურ რეჟიმს მოვუგეთ და “ქართული ოცნება” ვინ არის?! ძალიან მალე „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის ბრძოლა, ქართველი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება.
– მე ასე ოპტიმისტურად ვერ ვუყურებ პროცესებს. ვნახოთ.
– დამერწმუნეთ, ასე იქნება. დამიჯერეთ და მენდეთ ამ საკითხში.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა