გამყრელიძის მძაფრი ტონი და ვირუსის გლუვი ზრდა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  რუსთავი2-ის ეთერიდან მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. სპეციალისტები ეპიდემიურ პიკს 2-3 კვირაში ვარაუდობენ.

“ემატება კიდევ 5 ლაბორატორია, 3 აქედან თბილისში და 2 ბათუმსა და ქუთაისში და ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება ტესტირება. იმ რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რაც წინა კვირაში გაჟღერდა, ხანდახან მძაფრი ტონით, იგივე ჩემს მიერ, თითქოს უჩვეულო ტონით, დამერწმუნეთ, რაღაც შედეგი მოგვცა და შედეგი არის ის, რომ დიდ ნახტომები არ გვაქვს და მიდის გლუვი ზრდა.

შიდა გადაცემის დაწყებიდან მე-6-8 კვირა ხდება ხოლმე კრიტიკული და აი, ჩვენ მეხუთე კვირაში შევედით ახლა შიდა გადაცემის დაწყებიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ქვეყანას არ მოუწევს. ჯერჯერობით, კოვიდი უნდა დავამარცხოთ, ამიტომ ამის ყველაზე ძლიერი იარაღი არის სოციალური დისტანცირება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.