სირიის აღმოსავლეთში აშშ-ის ჯარების ყოფნა ქვეყნის დე-ფაქტო დანაწევრებად შეიძლება შეფასდეს

სირიის აღმოსავლეთში აშშ-ის ჯარების ყოფნა ქვეყნის დე-ფაქტო დანაწევრებად შეიძლება შეფასდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი ვარაუდობს, რომ აშშ-ის არსენალში სირიის დაყოფის სცენარი არსებობს, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგება.

რიაბკოვის განცხადებით, სირიაში არასტაბილურობის და კონფლიქტის გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სირიაში აშშ-ის უკანონო ყოფნაა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს არსებული რეზოლუციების შესაბამისად მოქმედებს, რომლებიც სირიის ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებენ.

რიაბკოვმა აღნიშნული განცხადება რუსეთში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ჩასვლიდან რამდენიმე საათში გააკეთა. აშშ-ის ჯარები სირიაში 2015 წელს განთავსდნენ, როდესაც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი ქურთული სამხედრო ჯგუფების დასახმარებლად სპეციალური დანიშნულების ძალები გაგზავნა. სხვადასხვა ინფორმაციით, ამჟამად სირიაში 900-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება, რომლებიც ქურთულ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ ეხმარებიან.