უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, გაერო-ს აკრიტიკებს. ამის შესახებ განცხადება კულებამ 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ამ ორგანიზაციამ ყირიმის პლატფორმის სამიტის იგნორირება მოახდინა და არ იყო წარმოდგენილი ამ შეხვედრაზე. ეს მოხდა პოლიტიკური მოტივებით. ჩვენ გაერო-ს ხელმძღვანელობასთან გვექნება საუბარი, რომ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია, რადგან გაერო-ს მთავარი ამოცანა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, გაერო-ს არასწორად ესმის საკუთარი მისია მსოფლიოში.
„როდესაც ვხედავთ, რომ ყირიმის პლატფორმის სამიტზე წარმოდგენილია ევროპის საბჭო, ნატო, სუამი, ხოლო გაერო გაცნობიერებულად ახდენს ამ სამიტის იგნორირებას, ეს მიუთითებს ამ ორგანიზაციაში არსებულ მდგომაროებაზე“, – განაცხადა კულებამ.
შეგახსენებთ, ყირიმის პლატფორმის სამიტი აგვისტოს ბოლოს ჩატარდა. აღნიშნული სამიტის მონაწილეებმა კიდევ დააფიქსირეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია მიუღებელია.