ნათია თურნავა: თევზჭერის ინდუსტრიის მხარდასაჭერად დავიწყეთ პროგრამა …

ნათია თურნავა: თევზჭერის ინდუსტრიის მხარდასაჭერად დავიწყეთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და მოძველებულის ჩანაცვლება ხდება.

თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციულია დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

– “ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ეს პროგრამა გაგრძელდება და გაძლიერდება. ამაყები ვართ, რომ ქართული დროშა იფრიალებს ჩვენს თევზსაჭერ ფლოტზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მეთევზეები ქართული სეინერებით გავლენ ზღვაში და არა – უცხო ქვეყნის სეინერებით. ამ პროგრამით უკვე შეიქმნა სულ მცირე ახალი 250 სამუშაო ადგილი“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, წელსვე ფოთში გაიხსნა საზღვაო აკადემიის ახალი ფილიალი, სადაც არა მხოლოდ მეზღვაურები, არამედ უფასოდ მოემზადებიან მეთევზეები, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს დაეუფლებიან.

“შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ მეტად განვითარდეს ეს დარგი. დღეს შევხვდით მეთევზეებს და პირადად მოვისმინეთ მათი საჭიროებები. პრემიერისგან მივიღეთ მკაფიო დავალებები, მათ შორის ახალი ნავმისადგომის სადგომის აშენებისა და მოწყობის კუთხით, რაც მეთევზეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა სხვა საჭიროებების მოგვარების მხრივაც დავუდგებით მათ გვერდში“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ასევე პრემიერისგან მიღებულია დავალება, რომ ღირსეული ალტერნატიული შეთავაზება წარედგინოთ იმ ადამიანებს, ვინც მსხვილი საპორტო-ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის ახლოდმებარე არეალში ცხოვრობს და ამით გარკვეულ პრობლემას აწყდება. მინისტრის თქმით, ყველა ასეთი ადამიანის საჭიროება მათ სასიკეთოდ გადაწყდება.

წყარო: ptn.ge