მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებზე: ასეთი საგიჟეთი თუ დამხვდებოდა, არ ვიცოდი! ასე ყველა ზღვარს გადასული სასულიერო პირი მე არ მენახა!
ასეთი საგიჟეთი თუ დამხვდებოდა, არ ვიცოდი! ასე ყველა ზღვარს გადასული სასულიერო პირი მე არ მენახა! პირველად ვნახე მათი სახით – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანემ „იმედის კვირას“ იმ სასულიერო პირებზე საუბრისას განუცხადა, რომლებიც მან მასზე განხორციელებული თავდასხმისთვის დღეს განკვეთა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირი მონაზონთა და სასულიერო პირთა დასიდან განკვეთა. მეუფე სტეფანემ მათ საეკლესიო სამოსის ტარება აუკრძალა.
ამასთან, მეუფე სტეფანემ მათ გარკვეული ვადა მისცა, რათა ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრები დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიტროპოლიტი საერო პირებს მოუწოდებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყონ.
აღნიშნული სასულიერო პირები ის ადამიანები არიან, რომლებიც მეუფე სტეფანესთან ბოლო რამდენიმე თვეა დაპირისპირებაში იყვნენ.
განკვეთილი სასულიერო პირები ეპარქიის ყოფილ მმართველს, პეტრე ცაავას საკუთარ მოძღვრად აღიარებენ და მასთან კომუნიკაციას არ უარყოფენ. სალხინოს მონასტრის ყოფილი იღუმენი (დანიელი), ტარიელ გვილავა აცხადებს, რომ პეტრეს ბრალდებებს პატრიარქმა პასუხი უნდა გასცეს.
„ბრალდებას რომ წაუყენებენ სასულიერო პირს, ვალდებულია პასუხი გასცეს. რატომ არ გამობრძანდა და პასუხი არ გასცა პატრიარქმა. ანგელოზია, თუ მთავარანგელოზი; მიქაელია თუ გაბრიელი?! ადამიანია ხორციელი!“ – განაცხადა სალხინოს მონასტრის ყოფილმა იღუმენმა (დანიელი), ტარიელ გვილავამ.
წყარო: ptn.ge