საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დაიბარეს.
ამასთან, ჰარცელი აღნიშნავს, რომ დიპლომატების მოსმენა ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება და საქართველოს მსგავსი პარტნიორი ქვენისგან ელჩების მოსმენა არაბუნებრივად მიაჩნიათ.
“თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია მოსმენების შესახებ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, იმიტომ, რომ ეს კითხვებს აჩენს. იცით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენის კონვენცია არეგულირებს. არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ასეთ მოქმედებებშია ჩართული.
ამ მიზეზით, გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში შეხვედრაზე დაიბარეს ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომი სათანადო ნაბიჯები იქნას გადადგმული “, — განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.
რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი გამოეხმაურა ცნობას სუს-ის მიერ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის სავარაუდო მოსმენის შესახებ.
“ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგანაც მას მოჰყვება შედეგები ვენის კონვენციის ჩარჩოს ფარგლებში. ჩვენ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს ამ კონტექსტში, ისევე როგორც ყოველთვის ვაკეთებთ მსგავს სიტუაციებში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ დროისთვის მეტს ვერ ვიტყვით”, — განაცხადა რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანომ.
გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, კი “დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას”.
“ნეტგაზეთი”