რატომ გაწყვიტა ხელშეკრულება ENKA-მ საქართველოსთან – კომპანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს ოპოზიციას და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.
პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას არ უნდოდა იმ ხალხის განაწყენება, ვინც “ნამახვანჰესის” მშენებლობას მხარს არ უჭერდა, რადგან საარჩევნოდ ხმების დაკარგვა არ სურდა.
“არ უნდოდათ განაწყენება იმ ხალხის, ვინც არ უჭერდა ამ პროექტს მხარს და ამ ხმების დაკარგვა არჩევნებზე. ამის გამო წავიდნენ იმაზე, რომ მოითხოვეს ხელშეკრულების ცვლილების შეტანა, რისი უფლებაც არ ჰქონდათ, რის გამოც “ენკამ” ეს ხელშეკრულება გაწყვიტა.
ენკა წავა სასამართლოში, თუ უკვე წასული არ არის და ამ ქვეყანას მოუწევს ჯარიმის გადახდა რამდენიმე ასეული მილიონის, რაც არის ჩვენი გადასახდელი, მაგრამ მაგის გარდა მთავარი პრობლემა არის, რომ ეს ქვეყანა აღარ არის სანდო ამ ხელისუფლების პირობებში” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ENKA-ს მიერ პროექტის შეწყვეტა მხოლოდ ხეობაში გამართულ საპროტესტო აქციების შედეგად არ მომხდარა.
“მოხდა მძიმე შემთხვევა, რომელიც ხელს არ უწყობს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დამყარებას. ვვარაუდობ მაღალი ალბათობით, რომ არა უბრალოდ იქ საპროტესტო აქციების შედეგად იქნა ამ პროექტის გაუქმება, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია” – განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
წყარო: news.ge