პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როდესაც გახარიას აკრიტიკება:
– ოპოზიციის მხრიდან ელემენტარულის გაცნობიერებაა საჭირო. გახარია ასუსტებს მათ მთავარ მტერს. ოპოზიციის ასეთი წინდაუხედავი ტაქტიკა გარანტიას იძლევა არჩევნებში “ოცნების” გამარჯვების. თუ გახარია დასუსტდა, ის იმდენს ხმას ვეღარ წაართმევს “ქართულ ოცნებას”, რომ 43% ვერ გადალახოს.
– დავუშვათ, ვერ გადალახა “ოცნებამ” 43%, მერე რა ხდება?
– შეიძლება ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვეს. მერე უკვე ყველაფერი დამოკიდებული იქნება ნაციონალური მოძრაობის და დანარჩენი ოპოზიციის საერთო ტაქტიკაზე. თუმცა, არსებობს კი ასეთი გაწერილი გეგმა, ვერ გეტყვით. ოპოზიციას მსგავსს ვერაფერს ვატყობ.
– ქვეცნობიერად 43% მაინც მუშაობს?
– მუშაობს. გარდა ამისა, ევროპის თვალში მუშაობს. კიდევ ერთი, თუ ოდესმე დასჭირვებია “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბება, ახლა სჭირდება, მაგრამ, წავა კი?! ამ სისხლიან ბილბორდებს რომ ვუყურებ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერზე წავა. ამ სისხლიანი ბანერებიდან ჩანს, რომ “ოცნება” ძალიან ანერვიულებული მიდის არჩევნებზე. თან ხომ ვიცით, რა დროს იყენებენ ამ ბანერებს?! როდესაც ძალიან უჭირთ. ამაში კი გახარიას წვლილი დიდია.
“ოცნებას” გახარიამ სულ აუჭრა კარტები. ხელისუფლება დღეს უფრო მეტად ებრძვის გახარიას, ვიდრე მელიასა და სააკაშვილს. შეუძლებელია ამ ბილბორდებმა იმუშაოს. ასეთი სვლა “ოცნებას” გარანტირებულად უქადის დიდ ანტიპათიას. ერთადერთი, ვისზეც იმუშავებს, “ოცნების” ის ამომრჩეველია, რომელსაც გახარიას ნარკომანობა მართლა სჯერა.
ასევე, ამ არჩევნებში ამოუხსნელ განტოლებად რჩება სააკაშვილის ფაქტორი. ის უნდა ჩამოვიდეს, სხვა გზა აღარ აქვს.