ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა დღეიდან სრულად აღდგება

ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა დღეიდან სრულად იქნება დაშვებული, თუმცა მათ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მოთხოვნები მაქსიმალურად უნდა დაიცვან და გაითვალისწინონ. ბაზრების ფუნქციონირება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდება.

აგრარული ბაზრები დღეიდან, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც გაიხსნება. მათ შორის ბათუმში მდებარე ღია აგრარული და თევზის ბაზრები.

ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანცია. ადგილზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია.

დღეს ხმაური იყო ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. მოვაჭრეებმა მხოლოდ ადგილზე მისვლისას აღმოაჩინეს, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, მუშაობის დაწყების საშუალება კვლავაც არ მიეცათ. მათი თქმით, პრემიერის დაპირება ოზურგეთში არ შესრულდა და ამდენი ხნით უმუშევრად ყოფნა მათ ოჯახებს დიდ პრობლემებს უქმნის.

ოზურგეთის აგრარული ბაზრის დირექტორი ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულება ვერ შეძლო და ბაზარი სწორედ ამიტომ ვერ გაიხსნა.

“სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაგვავალა სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულება: დახლების შეწევა, დისტანციისთვის საჭირო ადგილების მონიშვნა, თერმოსკრინინგის აპარატის შეძენა. ამ ყველაფრის შესრულება კი ჯერ ვერ შევძელით და ვფიქრობთ, მათ შესასრულებლად ეს კვირა მთლიანად დაგვჭირდება,”-განაცხადა ოზურგეთის აგრარული ბაზრის დირექტორმა სოსო სიხარულიძემ.