ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით

  1. 1.      რა სიმპტომებია დამახასიათებელი COVID-19-ისთვის?

COVID-19-ისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივლი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).

  1. 2.      რა სიმპტომებს უნდ მივაქციო ყურადღება, რომელიც მიანიშნებს დაავადების რთულ მიმდინარეობაზე?

-სუნთქვის უკმარისობა

– ტკვილი და/ან ზეწოლა გულ-მკერდის არეში

-ცნობიერების დარღვევა

-ძილიანობა

-უჩვეულო სიფერმკრთალე/ციანოზური ტუჩები და სახე

  1. 3.      ვინ ითვლება COVID-ინფიცირებულად?

COVID19 ინფიცირებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა  ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით (პჯრ ტესტი- PCR) ან სწრაფი ანტიგენ ტესტით.

 

  1. 4.      როგორ უნდა მოვიქცე სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში?

2.1  არ მქონია არავითარი შეხება კოვიდ-ინფიცირებულთან, მაგრამ მაინც გამომივლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?

–         დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კოვიდ-ინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში,  შეეცადეთ რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში. როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები, სტანდარტული მიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება.

2.2  თუ მქონდა შეხება ინფიცირებულთან და ამის შემდგომ გამომივლინდა სიმპტომები?

–         გადადით იზოლაციაში კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში. დაუკავშირდით 112-ს, ან პირად ოჯახის ექიმს, რომელიც დიაგნოზის დადასტურების მიზნით გადაგამისამართებთ ტესტირებაზე.

 

  1. 5.      რა სახის კონტაქტი ითვლება ინფიცირებისთვის ახლო კონტაქტად?

მაღალი რისკის კონტაქტად  ითვლება პირი, რომელსაც სიმპტომების გაჩენამდე ან  ლაბორატორიული ნიმუშის აღებამდე 48 საათის განმავლობაში:

  • ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით 15 წუთზე მეტი დროით;
  • ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან;
  • ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ით ინფიცირებულის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: ხველის ან ცემინებისას)
  • რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფებოდა (მაგ. სახლი, საკლასო ოთახი, შეხვედრების ოთახი, საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში;
  1. 6.      როგორ მოვიქცე თუ ჩემთან ახლო კონტაქტში მყოფ პირს დაუდგინდა COVID-19?

-გადადით იზოლაციაში (შესაძლებელია ბინაზე ან, შესაბამის საიზოლაციო  სასტუმროში) კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში.

-დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ აღმოაჩენთ, რომ გაგიჩნდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით 112-ს ან პირად ოჯახის ექიმს, რის შემდეგაც მოხდება თქვენი გადამისამართება ტესტირებაზე.

– თუ დაგიდასტურდებათ COVID-19, ექიმი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესაბამისად მიიღებს ბინაზე მკურნალობის ან ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას.

თუ პასუხი უარყოფითია, განაგრძობთ იზოლაციის წესების დაცვას. თუ თვითიზოლაციის პერიოდში არ გამოგივლინდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი არცერთი საეჭვო ნიშანი,  იზოლაცია სრულდება დაწყებიდან მე-12 დღეს.

 

  1. 7.      რას გულისხმობს იზოლაცია COVID-19 – ის დადასტურების შემთხვევაში?

 

თუ გაქვთ საკუთარ სახლში სრულად იზოლირების შესაძლებლობა, დარჩით ბინაზე. დასაშვებია საერთო სველი წერტილის მოხმარება ჰიგიენის წესების დაცვით.  პირობების არქონის შემთხვევაში,  ინფორმაცია მიაწოდეთ 112-ს და მოხდება თქვენი გადაყვანა COVID-სასტუმროში.

–         არ გახვიდეთ გარეთ

–         არ მიიღოთ სტუმრები

–         ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ.

–         იქონიეთ  პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები.

 

 

  1. 8.      როგორ ხდება კორონა ვირუსის გადაცემა?

–         წვეთოვანი და კონტაქტური გზით-მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით,  დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.

 

  1. 9.      დაავადების რა ეტაპიდან იწყება ინფიცირებული ადამიანის გადამდებლობა?

ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.

 

  1. 10.  როგორ დავიცვა თავი კორონა ვირუსისგან?

კორონა ვირუსისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია.

ინფიცირების პრევენციისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი დამატებითი რეკომენდაციები:

  • მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
    • გაიკეთეთ პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან ახლოს კონტაქტის დროს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
    • დაიცავით 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია (პირბადის გამოყენების შემთხვევაშიც)
    • ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით (40-60 წამის განმავლობაში) ან ალკოჰოლის შემცველი 70%იანი  ხსნარით (20-40 წამი)

 

  1. 11.  რამდენი დღე ითვლება COVID-19-ის ინკუბაციურ პერიოდად?

საინკუბაციო პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე  დროის პერიოდი) საშუალოდ 5-6 დღეა, თუმცა შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს.

 

  1. 12.  რა სახის ტესტები გამოიყენება COVID-19-ინფექციის დიაგნოსტიკისთვის?
  • დაავადების მიმდინარეობის დადგენის მიზნით გამოიყენება ანტიგენის სწრაფი ტესტი ან პჯრ (PCR) ტესტი, რომელიც ადგენს ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის არსებობას.
  • COVID-19 IgM/IgG  ანტისხეულების ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც განსაზღვრავს   სისხლში, შრატსა და პლაზმაში  ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობას.  უსიმპტომო პაციენტებში, ან დაავადების ადრეულ ეტაპზე აღნიშნული ტესტის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, რამდენადაც ანტისხეულების გამოყოფა იწყება სიმპტომების დაწყებიდან მე-5 და მე-14 დღეს.

 

  1. 13.  როგორ მოვიქცე თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, მაგრამ სიმპტომები აღმენიშნება?
  • დაუკავშირდით პირად ოჯახის ექიმს.

 

  1. 14.  ვინ ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას და რა შემთხვევაშია ტესტირება უფასო და ფასიანი?

სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების (განსაზღვრულია N975 განკარგულებით) ლაბორატორიული მომსახურება, მათ შორის:

  • სტაციონარულ (მ. შ., დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტები, სიმპტომების მიუხედავად;
    • ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები. ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);
    • სამედიცინო პერსონალი;
    • დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;
    • სახელმწიფო ზრუნვის ქვეს მყოფ პირთა დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები;
    • საქართველოში შემოსული, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ის პირები, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინე სივრცეებში და მათი მომსახურე პერსონალი და სხვა;
    • დეტალური ინფორმაცია ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://matsne.gov.ge/ka/document/view/4896450?publication=9

 

  • უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული პირი, რომელიც 8 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, ვალდებულია მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR ტესტი. https://matsne.gov.ge/ka/document/download/4877009/112/ge/pdf?fbclid=IwAR2vaeYB2wiM6LPAzwj90v0k23xku9QSnotr2GCqhn9qjRxpjH6HVZLH49I
  • სხვა შემთხვევაში, თუ ტესტს იკეთებთ საკუთარი სურვილით, მომსახურება არის ფასიანი.

 

  1. 15.  სად არის შესაძლებელი COVID-19-ზე ტესტირება?

დაუკავშირდით ოჯახის ექიმს და დარეგისტრირდით ნაცხის ასაღებად. ანტიგენის სწრაფი ტესტირება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე წარმოდგენილ ლაბორატორიებში. https://stopcov.ge/ka/klinikebi

 

  1. 16.  როგორ მოვიქცე თუ ვარ COVID-ინფიცირებული, ვმკურნალობ ბინაზე და სხვა მიზეზით დამჭირდა გეგმიური, ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება?
  • თუ დაგჭირდათ გეგმური სამედიცინო მომსახურება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელიც ინფექციის კონტროლის წესების დაცვით გაგიწევთ საჭირო მომსახურებას, ან, დაგაკვალიანებთ საჭირო ქმედებების თაობაზე.
  • გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს მიმართეთ 112-ს.

 

  1. 17.  როგორ მოვიქცე თუ ოჯახის წევრს დაუდგინდა კორონა ვირუსი?

უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ინფიცირებულთან ერთად სახლში მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი დარჩეს იზოლაციაში. თუ თქვენი ოჯახის წევრი ექიმის გადაწყვეტილებით გადის ბინაზე მკურნალობას, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე წესი, რათა შეამციროთ ვირუსის გადაცემის საფრთხე:

–         ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრის, კარის გაღებით. ინფიცირებულთან კონტაქტის აუცილებლობისას ყველა წევრმა უნდა გაიკეთოს პირბადე. იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრთან აუცილებლობის გარდა ფიზიკური კოტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეთ. საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს საკუთარი ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

–         თუ შესაძლებელია, საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს ცალკე აბაზანით და სან-ჰიგიენური კვანძით, სხვა შემთხვევაში საერთო საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ ინფიცირებულთან შეხებაში მყოფი ზედაპირები უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით.

–         საერთო სივრცეში ზედაპირები რაც შეიძლება ხშირად დაამუშავეთ სპირტიანი (60-80%) ხსნარით.

 

  1. 18.  რა შემთხვევაში ხორციელდება ბინაზე/სასტუმროში/სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა?

–         ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის ექიმის მიერ, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად, აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები.

–         თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID -სასტუმროში.

–         ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილებას იღებს ოჯახის ექიმი პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო მიერ დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად.

 

  1. 19.  მაქვს თუ არა უფლება ექიმის მითითების მიუხედავად ბინაზე მკურნალობის ნაცვლად მოვითხოვო ჰოსპიტალიზაცია და პირიქით?

როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ექიმის შეფასებით, რომელიც დამყარებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

 

  1. 20.  როდის ითვლება პაციენტი გამოჯანმრთელებულად და როდის შეუძლია იზოლაციის დასრულება?

–         სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ იზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე;

–         თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან.

ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი.

–         ჰოსპიტალიდან ბინაზე გაწერა ხორციელდება დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად ექიმის გადაწყვეტილებით.

 

  1. 21.  საჭიროა თუ არა კლინიკიდან გაწერის შემდეგ დამატებითი იზოლაციის გავლა?

–         აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციას იძლევა მკურნალი ექიმი, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

 

  1. 22.  როგორ მოვიქცე ბინაზე მკურნალობის დროს?

–         მკაცრად დაიცავით თვითიზოლაციის წესები.

  • არ გახვიდეთ გარეთ
  • არ მიიღოთ სტუმრები
  • ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ.
  • იქონიეთ  პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები.
  • ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრებით/კარით.

–         არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმთან შეთანხმების გარეშე. COVID-19-ის მკურნალობა არის სიმპტომური და სიმპტომების მართვისათვის საჭირო თქვენთვის უსაფრთხო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ექიმი.

–         შესაძლებლობის ფარგლებში შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა ოთახის პირობებში.

–         მიიღეთ ოთახის ტემპერატურის სითხეები ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.

 

  1. 23.  მეძლევა თუ არა და ვის მიერ გაიცემა ცნობა COVID-ინფიცირების შესახებ სამსახურში წარსადგენად?

–         თუ საკარანტინე ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის  სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.

–         სტაციონარში მოთავსებულ პირებზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს შესაბამისი(მკურნალობის პროცესში ჩართული) ონლაინ-კლინიკა.

 

  1. 24.  რა პროცედურებია გასავლელი საქართველოში შემოსვლის მსურველებისთვის?

აღნიშნული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით  და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას. https://matsne.gov.ge/ka/document/download/4877009/112/ge/pdf?fbclid=IwAR2vaeYB2wiM6LPAzwj90v0k23xku9QSnotr2GCqhn9qjRxpjH6HVZLH49I

  • უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს, გარდა  ინდოეთის რესპუბლიკიდან შემოსული პირებისა.
  • ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით);
  • უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით; საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);
  • უცხო ქვეყნიდან ჩამოსული, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებმა, სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება;

 

  1. 25.  რომელ ქვეყნებში შემიძლია გამგზავრება?

–         აღნიშნული ინფორმაცია განახლებადია და გამგზავრების დაგეგმვამდე უნდა გადაამოწმოთ იმ ქვეყნის სალეჩოში/საკონსულოში, სადაც აპირებთ გამზავრებას.

 

  1. 26.  საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ფინანსდება თუ არა კორონა-ვირუსის ტესტირება, იზოლაცია, მკურნალობა?

–         უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სერვისი ფასიანია.

 

  1. 27.  ვინ ითვლება დაავადების გართულების მომატებული რისკის ჯგუფებად?

–         ხანდაზმულები

–         ქრონიკული დაავადების მქონე პირები (განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე,ონკოლოგიური პათოლოგიები, აივ ინფექცია/შიდსი და სხვა)

 

  1. 28.  არის თუ არა უსიმპტომო პაციენტი ვირუსის გავრცელების წყარო?

–         უსიმპტომო პირებიც წარმოადგენენ ვირუსის გადაცემის წყაროს, თუმცა სიმპტომების არ არსეობის გამო, ვირუსის გამოყოფის ინტენსივობა ნაკლებია.

 

  1. 29.  შესაძლებელია თუ არა, უსიმპტომო პაციენტის მდგომარეობის მოულოდნელად გამწვავება?

–  შესაძლებელია, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ადევნოთ თვალყური დაავადების მიმდინარეობას და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს.

 

  1. 30.  შესაძლებელია თუ არა, დაავადებამ ჩაიაროს სრულიად უსიმპტომოდ?

–         დიახ, შესაძლებელია.

 

  1. 31.  ვის მივამართო COVID-19-თან დაკავშირებული საჭიროებების შემთხვევაში?

–         საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი-112

–         სამთავრობო ცხელი ხაზი-144

–         ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი-1505

–         დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი-116-001

 

  1. 32.  თუ ხდება თვითიზოლაციის კონტროლი და დასრულების შემდგომ უნდა ეცნობოს ვინმეს?

 

პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შესაბამისი ფაქტის ან/და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გააკონტროლოს იზოლაციაში (თვითიზოლაციაში, კარანტინში) მყოფი პირის მიერ იზოლაციაში ყოფნის პირობების დაცვა, რაც მოიცავს, მათ შორის, მის ფიზიკურად ადგილზე გადამოწმებას, პერიოდული სატელეფონო ზარების განხორციელებასა და საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საშუალებებით მონიტორინგს.

 

  1. 33.  რა შემთხვევაში ხდება PCR ტესტის გაკეთება? რა შემთხვევაშია ფასიანი და რა შემთხვევაში უფასო?

 

PCR ტესტის ჩატარების საჭიროებას განსაზღვრავს ოჯახის ექიმი, ექიმის მიმართვით PCR ტესტი არის უფასო.

 

  1. 34.  როგორ შეიძლება ინფორმაციის მიღება ოჯახის ექიმის ვინაობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ?

 

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პორტალს: https://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს 15-05. თუ ხართ კერძო დაზღვევის მოსარგებლე, დაუკავშირდით სადაზღვევო კომპანიას.

 

  1. 35.  რატომ უნდა ჩავიტაროთ და რამდენად მნიშვნელოვანია Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები პანდემიის შეჩერების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.   ვაქცინაცია ამცირებს ინფიცირების და შესაბამისად ავადობისა და  სიკვდილიანობის რისკებს.  COVID-19-ის ვაქცინების  ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევების რამდენიმე ეტაპიანი ციკლით და იმ ქვეყნების გამოცდილებით, სადაც მიმდინარეობდა COVID-19 ვაქცინების დანერგვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას!

 

ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ უკვე გადაიტანეთ COVID-19, რადგან არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ.

საქართველოში ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია.

 

  1. 36.  ვისთვის არის ხელმისაწვდომი ვაქცინაცია?

 

ვაქცინაცია ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქე 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის.

 

  1. 37.  როგორ უნდა დავჯავშნო რიგი/დავრეგისტრირდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთის?

 

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება და რიგის დაჯავშვნა შესაძლებელია  სარეგისტრაციო პორტალზე: https://booking.moh.gov.ge/

 

იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

 

  1. 38.  როგორ შეიძლება Covid-19-ის  ვაქცინებთან/ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება?

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქმედებს        ცხელი ხაზი – 15 22 რომელიც ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. ასევე, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:

WWW.STOPCOV.GE

WWW.MOH.GOV.GE

WWW.NCDC.GE

www.provax.ge/

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით: http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=2a2a89e3-f026-4c4a-b32b-0dcb2fcb4d13

 

წყარო: https://www.moh.gov.ge/news/5528/