დათო მაღრაძე: ,,ამ ჩემს თანამდებობას (კულტურის მინისტრობას) ბევრი ჭორ-მართალი ახლდა. სამოქალაქო ომი დამთავრებული იყო, ქვეყანას სახელმწიფო საბჭო მართავდა.
ყველა თანამდებობრივ საკითხს შევარდნაძე-სიგუა-იოსელიანი წყვეტდნენ. მინისტრობის მსურველიც ბევრი იყო. კანდიდატებმა ერთმანეთი თავად ჩააგდეს. ბოლოს შევარდნაძეს უთქვამს, იქნებ ახალგაზრდა თაობაში იპოვოთ ვინმე, ძველ საქმეებში გაუსვრელი და კულტურასთან დაახლოებულიო.
ჩემთვის ფრიად პატივსაცემმა ელდარ შენგელაიამ შესთავაზა ჩემი კანდიდატურა და ჩვენი პირველი შეხვედრაც მაშინ შედგა. ნაცნობობა არც ჯაბა იოსელიანთან მაკავშირებდა. ჩემმა ძალიან ძვირფასმა უფროსმა მეგობარმა, შესანიშნავმა მწერალმა და დრამატურგმა, რეზო თაბუკაშვილმა, გამაცნო ჯაბა. ასე გადაწყდა ჩემი მინისტრობა.
ჩემი პროექტები მქონდა, გარკვეული მოსაზრებები და გეგმები. მინისტრის პორტფელი იოლი სატარებელი არ აღმოჩნდა. ჩემი დრო მთლიანად წაიღო. ჩემი და ხელისუფლების აზრები ერთმანეთს ასცდა და თანამდებობა საკუთარი სურვილით დავტოვე.
ჯაბა იოსელიანთან კი ამის შემდეგ გარკვეული მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ის უდაოდ მომხიბლავი ადამიანი იყო. მე მინახავს ის აფხაზეთის ომში და გაოცებული ვიყავი ამ ხანდაზმული კაცის საოცარი სიმამაცით. საინტერესო მწერალიც იყო. თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი და ვამბობდი, რომ მისი სახელმწიფო მეთაურად ყოფნა არ აღმაფრთოვანებდა. ხალხი კი, როგორც წისქვილი, ჭორ-მართალს ფქვავდა და ბრწყინვალე ქართველი პოეტის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ბაადურ ბალარჯიშვილის, ლექსი “ჩემო გენერალო” ჩემ შექმნილად ჩათვალეს. ამით ცდილობდნენ ლექსისთვის გეოგრაფიაც და ავტორიც შეეცვალათ”.
,,სარკე”