ირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი

კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი შეიძლება ნიკა მელიამ, რომლესაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება, გაიგოს როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო, როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება, როდესაც ასეთი შეფასება არ არის სახეზე, ეს მელიასნაირმა ადამიანმა შეიძლება, მიიღოს როგორც მწვანე შუქი შემდეგ პროვოკაციებზე.

„ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს გაკეთდა გარკვეული განცხადება და სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება გახდეს ერთგვარი მწვანე შუქი ნიკა მელიასთვის, რათა მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ეს არის ძალიან ცუდი. ბუნებრივია, საჭიროა მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და შეიძლება, ნიკა მელიამ, რომლესაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, გაიგოს როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის. ნიკა მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, რადგან ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. ასეთ რაღაცას როდესაც აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს საჭიროებს მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ“ – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გუშინდელი ინციდენტი ყველამ ნახა და ეს ფაქტი მეტყველებს, როგორია ნიკა მელიას და მთლიანად „ნაცმოძრაობის“ სახე.

„სამართალდამცავი ორგანოები იქ იყვნენ მობილიზებული და ეს ყველამ დაინახა. როდესაც ამაზე ჰქონდა საუბარი ჰარცელს, თუ მას უნდოდა 100-პროცენტიანი გარანტია, რანაირად შეიძლება, ვინმემ ვინმეს 100-პროცენტიანი გარანტია მისცეს. რა თქმა უნდა, შსს ყველაფერს გააკეთებდა, რათა ძალადობა არ ყოფილიყო დაშვებული. ამის რისკი რეალურად არც იყო. იქ იყვნენ ძირითადად წარმოდგენილი ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც იყვნენ აღშფოთებული. ისინი აპირებდნენ აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმით საკუთარი პროტესტის გამოხატვას. არავითარი რისკები არ ყოფილა, უბრალოდ შსს ბუნებრივია, 100 პროცენტით ვერაფერს გამორიცხავს. ამის მიუხედავად, სამი საათის განმავლობაში ნიკანორ მელია იმალებოდა ევროკავშირის ოფისში, ვერ ბედავდა გამოსვლას. როცა დაიშალა ყველა,შემდეგაც ერთი საათი დასჭირდა, რათა საბოლოო ჯამში გამოპარულიყო ევროკავშირის ოფისიდან. ეს მეტყველებს მასზე. ყოველთვის, როდესაც ის აწყობს პროვოკაციებს ,პირველი იპარება ამ პროვოკაციებიდან. ამ შემთხვევაშიც იგივე გააკეთა. ის კაცი არ არის და შესაბამისად, აქვს ასეთი პრობლემა“ – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, არჩევნებზე თუ იქნება უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, კობახიძემ განაცხადა, რომ შსს ობიექტური მოცემულობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა აღკვეთოს ნებისმიერი კანონდარღვევა.

წყარო: newposts.ge