რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული „უკიდურესად მძიმე“ პაციენტი გამოჯანმრთელდა.
როგორც თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა.
„ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება ჰქონდა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი.
ამ ეტაპზე ყველა პაციენტი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო,“ – განაცხადა თეა თავართქილაძემ.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება კიდევ 14 პაციენტს ჩაუტარდა და მათი პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„14 პაციენტის პასუხს ველოდებით. ასევე ტესტირებაზე იგზავნება თანამშრომლების ანალიზები, ჯერჯერობით ყველა არის უარყოფითი.” განაცხადა თავართქილაძემ.