საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა.
“ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცე ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, და მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება.
ამიტომ, მე ვერ ვიქნები ამ პროცესების გვერდით. საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატვა და თქვენთან ერთად მივიღო საქართველოს გადარჩენაში მონაწილეობა”, – განაცხადა სააკაშვილმა დღეს, 27 სექტემბერს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2021 წლის 6 სექტემბერს დააანონსა. მაშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩამოვიდოდა. მას ქვეყანაში დაბრუნებაზე წარსულშიც არაერთგზის უსაუბრია.
ყოფილი პრეზიდენტი თავს უკრაინას აფარებს. მას საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმესთან, ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით.