რუსეთის სამართალდამცველი ორგანოები 1 ოქტომბრიდან დაიწყებენ ქვეყნიდან იმ არალეგალი მიგრანტების გაძევებას, რომლებსაც რუსეთში ყოფნის უფლება დაკანონებული არ აქვთ, განაცხადა მიგრაციის საკითხთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ვალენტინა კაზაკოვამ.
„უცხოეთის მოქალაქეების იმ კატეგორიის მიმართ, რომელიც 30 სექტემბრის შემდეგ არალეგალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, იმოქმედებს 115-ე ფედერალური კანონის ნორმები, რომელიც შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებს უფლებას აძლევს, მიიღონ ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომები — რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გაძევების ჩათვლით“, — განუცხადა კაზაკოვამ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ამ დროისათვის რუსეთში დაახლოებით 7 მლნ მიგრანტი იმყოფება, მათ შორის, არალეგალების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“. ამასთან 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეობა 500 ათასზე მეტ კაცს მიენიჭა.
რუსეთის ტერიტორიაზე უცხოეთის მოქალაქეების დროებით ყოფნისა თუ ცხოვრების, აგრეთვე მათი აღრიცხვაზე დაყენების ვადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2020 წლის აპრილში გაახანგრძლივა კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების დაკეტვასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის ივნისში პრეზიდენტმა ეს ვადა 30 სექტემბრამდე გადადო.
შესაბამისად, ოქტომბრის დასაწყისამდე მიგრანტებს შეეძლოთ განცხადებით მიემართათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თავიანთი სამართლებრივი სტატუსის დასაკანონებლად სანქციების დაწესების გარეშე. ახლა საშეღავათო ვადა იწურება.
გარდა ამისა, 1 ოქტომბრიდან უქმდება აკრძალვა რუსეთიდან უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების იძულებით გაძევებაზე. ამგვარი პირებისთვის ქვეყანაში ხელახალი შესვლა აიკრძალება.