„დღეს გვქონდა პიკი, 1 დღის განმავლობაში 1096 ტესტი ჩატარდა“, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 15 მაისიდან ქვეყანაში ლაბორატორიული ცენტრების დამატება იგეგმება.
„დღეს მინისტრთან გვქონდა შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ლაბორატორიული კვლევების კიდევ უფრო გაფართოება. ძირითადი აქცენტი კეთდება მოლეკულურ კვლევებზე.
დღეს გვქონდა პიკი – 1096 ტესტი ჩატარდა 1 დღეში, 12 ლაბორატორიაში. 5 ლაბორატორიიდან უკვე 12-ზე ავედით და მომდევნო კვირიდან კიდევ სამის დამატებაა გათვალისწინებული.
გვინდა, რომ მაისის 15 რიცხვამდე დღიურად 1500-დან, 1700-მდე კვლევა ვაწარმოოთ, 15 მაისის შემდეგ, მეორე ეტაპზე ვაპირებთ 2000-მდე ასვლას.
ეს აუცილებელია როდესაც ხდება შემსუბუქება ე.წ. შეზღუდვითი ღონისძიებების. ასევე აუცილებელია, რომ უფრო ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა იყოს PCR კვლევებზე და მეორეს მხრივ იყოს მზადყოფნა ჯანდაცვის ჰოსპიტალური სისტემის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.