ბერიას აჩრდილი ნაციონალურ პოლიტიკაში: „არა მარტო სააკაშვილი, იგივე ვანო მერაბიშვილი ამბობდა, რომ ის არის ბერია“.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. იქ, სადაც გასულ კვირას სამხედრო პოლიიციის ყოფილი უფროსი, ექს-პრეზიდენტისთვის „უცნობი“ მეგის ქარდავა იმყოფება. სააკაშვილმა, რომელიც ცდილობდა, ლავრენტი ბერიას როლი მოერგო, დაკავებიდან რამდენიმე საათში შიმშილობა დაიწყო, საბჭოთა კავშირის მარშალისგან განსხვავებით, რომელიც 1953 წელს შპიონაჟის და შეთქმულების ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა არ გამოუცხადებია. მეტიც, ისტორიულ წყაროებს თუ დავეყრდნობით, ლავრენტი ბერიას სამსახურებრივი კარიერა საქართველოშიც წარმატებული გამოდგა, მისთვის სულ ერთი არ იყო, იქნებოდა თუ არა აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში. სააკაშვილი ამ ნაწილშიც ვერ იქნება ბერია, რომელმაც 2008 წელს ქართული სოფლების დაკარგვა ასე შეაფასა: „რუსებმა მიიღეს ქვების გროვა და ეს მართლაც ასეა“.
ვინ იყო ბერია და რატომ ცდილობენ ქართველი პოლიტიკოსები მიბაძონ მას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
მიხიელ სააკაშვილი ცნობილია იმით, რომ ბაძავდა და ცდილობდა ყოფილიყო ბერია, რაც არ გამოსდიოდა. ბერიას ეშმაკობასა და მოხერხებულობაზე არაერთხელ დაწერილა და მათ შორის საქართველოს ნაწილშიც. ვინ იყო რეალურად ბერია საქართველოსთვის?
რამაზ საყვარელიძე: ბერიას ეკუთვნის ფრაზა – „სტალინს ვერაფრით ვერ შევაყვარე საქართველო“. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში პოლიტიკაში იყვნენ ფიგურები, რომლებზეც კარგის და ცუდის თქმა ერთნაირი ტყუილი იყო. აბსულუტურად კარგები ნამდვილად არ იყვნენ, მაგრამ აბსოლუტურად ცუდებიც ნამდვილად არ იყვნენ. ჰიტლერსაც კი თავისი პლუსები ჰქონდა გერმანიის აყვავების საქმეში, მაგრამ მეორე ფურცელს რომ გადმოშლი, გული შეგიწუხდება.
ფაქტია, რომ ბერიას შეეძლო ქვეყნის მასშტაბით აზროვნება. შეეძლო ეფიქრა იმაზე, რა გამოადგება ამ ქვეყანას და რა – არა. რაც შეეხება იმას, რასაც ყველაზე ხშირად ამბობენ ბერიაზე, რომ იყო ეშმაკი, მოხერხებული და ა.შ. პარადოქსია, რომ მან პირველკაცობა ვერ მოახერხა და ვერ აჯობა ხრუშოვს.
ადამიანი, რომელიც ატომურ პროექტებს ხელმძღვანელობდა, ეს ნიშნავს, რომ იყო საკმაოდ ჭკვიანიც, მაგრამ ბოლომდე რატომ ვერ თვლიდა? იგივე ისტორიულ წყაროებს თუ დავეყრდნობით, მას უნდოდა საზოგადოების დემოკრატიზაცია და დათბობის პოლიტიკის გატარება, მაგრამ ბოლომდე ვერ მიჰყავდა ეს ხაზი, რატომ?
– სტალინის გარდაცვალების შემდეგ მას ჰქონდა ძალაუფლება და დოკუმენტებში ჩანდა ეს მონახაზები. კერძო საკუთრების გაშვება უნდოდა, მათ შორის რესპუბლიკების, მაგრამ რატომ ვერ მოზომა, რთული სათქმელია. როდესაც ადამიანს რაღაცის გაკეთება უნდა, ის თავის იდეებში ხარვეზს ვერ ხედავს, რადგან რომანტიკული სიყვარული აკავშირებთ ამ იდეასთან. ბერია და რომანტიულობა ძალიან ძნელი გასაერთიანებელია, მაგრამ რახან მას ძალიან დიდი რეფორმების გატარება სურდა, ვეღარ გათვალა რამდენად რეალური იყო ეს რეფორმები.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ წარმოუდგენელი ძალაუფლება ჰქონდა, მაშინვე გამოვიდა ამინისტიის იდეით, დაიწყო პოლიტპატიმრების რეაბილიტაციის პროცესიც კი. როგორც ისტორიკოსები წერენ, ბერიას აზრით საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობაში უნდა ყოფილიყო ნაციონალური ელიტა და არა მოსკოვიდან დანიშნული…
– ფედერალიზმი, ამ სიტყვის ნორმალური გაგებით. ამბობენ, რომ ძალიან ბევრი პროგრესული აზრი ჰქონდა, მაგრამ პროგრესული აზრი რომ გქონდეს, ეს არაა საკმარისი. საჭიროა მოსაზრება გქონდეს იმაზე, როგორ მოახდენ ამ აზრის რეალიზაციას. ბერია დაეყრდნო სტალინის გამოცდილებას – პირველი პირი თუ იქნება, იტყვის და შესრულდება, მაგრამ ასე არ არის. ერთი რამ ვერ გაითვალისწინა – სტალინი ჯერ ანადგურებდა იმათ, ვინც შეიძლება შეწინააღმდეგებოდა, მერე ატარებდა იმ ხაზს, რაც თვითონ სურდა. საშინელი სურათია დიქტატორის სურათი, მაგრამ ასეთი იყო ის დრო და ის ხალხი. თვითონაც იმ დროის პირმშოები იყვნენ ერთიც და მეორეც.
კრემლში ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ბერია და მისი თანაგუნდელები დამარცხდნენ, დააპატიმრეს და ბოლოს დახვრიტეს კიდეც. ბერიას ერთ-ერთ ბრალდებაში ვკითხულობთ: „მოქალაქე ბერია, იყენებდა რა ბოროტად თავის სამსახურებრივ თანამდებობასა და პოლიტიკურ გავლენას, საქართველოში ჩამოაყალიბა მძლავრი, კარგად გაწვრთნილი, ბრძოლისუნარიანი და შეიარაღებული დაჯგუფებები. მათი მომავალში გამოყენება კი, ძალაუფლების მიტაცებისთვის უნდოდა“. საქართველოში რამდენად ძლიერი დასაყრდენი ჰქონდა?
– ის, რომ მას საქართველო შეიძლებოდა ყვარებოდა, ეს არაა გასაკვირი და გამორიცხული. გავიხსენოთ, როცა საქართველოს პირველი კაცი იყო, ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. ამას მტრებიც აღიარებენ და მოყვარებიც. მაგალითად, თბილისში ბევრი რამ გააკეთა – იგივე პიონერთა სახლი, სანაპიროს გაკეთება ბერიას დამსახურებაა, ცირკის შენობა, ეთნოკონფლიქტების მოგვარებაშიც აქტიურად იყო ჩართული, თავისებურად მოაგვარა, დახვრიტა ხალხი, მაგრამ ფაქტია, რომ მისთვის სულ ერთი არ იყო აფხაზეთი იქნებოდა თუ არა საქართველოს შემადგენლობაში და ა.შ.
ქართული ინტერესების დაცვისთვის ბევრი გაუკეთებია, მაგრამ როცა სასწორზე დგებოდა რუსეთის და საქართველოს ინტერესი, სასწორი მაინც საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ იხრებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის ბრმა მოყვარული არ იყო, რასაც შეეწირა კიდეც. საბჭოთა კავშირის და საქართველოს ინტერესების შეჯახებისას ქართულს სწირავდა, ესეც გარკვეულ ფარგლებში, მაგრამ როდესაც საქმე არ ეხებოდა კარიერას და ეხებოდა საქართველოსთვის რაღაცა კარგის გაკეთებას, ამას აკეთებდა ნამდვილად – უფრო ადვილად, ვიდრე სხვა ვინმე.
ბერიას პოლიტიკური კურსის პოპულარობა ხელს არ აძლევდა საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის სხვა წარმომადგენლებს. ასეთი ძლიერი, ჭკვიანი და ამავე დროს ცბიერიც თუ იყო, რატომ ვერ გათვალა, რატომ მოუგო ხრუშოვმა, რომელიც არ იყო ძლიერი ფიგურა?
– გლეხური ეშმაკობა ჰქონდა. მასეთი სტრატეგიული გათვლები უფრო სტალინის ტვინში ტრიალებდა. ბერია უფრო შემსრულებელი იყო. სტრატეგიულ აზრობვებას თავისი ჩვევა უნდა, რაც ბერიას გამომუშავებული არ ჰქონდა. სტალინი ებრაულ გარემოცვაში იყო, ბოლშევიკური ელიტა ებრაელებისგან შედგებოდა. სტალინმა მიზნად დაისახა და შეასრულა კიდეც, რომ ეს ელიტა ჩამოეშორებინა. რატომ? – იმიტომ, რომ ებრაული ელიტა მას წინ არ გაუშვებდა. ძალიან განათლებული ებრაული ელიტა საბჭოთა კავშირის ზედა ეშალონებში სტალინის მიმართ მორიდებით არ გამოირჩეოდა.
ამიტომ, სტალინს გათვლილი ჰქონდა, ვინ უნდა მოეშორებინა ბრძოლის ველიდან იმისთვის, რომ გაემარჯვებინა. ბერიას ასეთი სტრატეგიული გეგმა არ ჰქონდა. ვერ გათვალა, რომ ხრუშოვი და სხვები, რომლებსაც ბერიას დანახვაზე აკანკალებთან სტალინის დროს, ისინი ყოველმხრივ ეცდებოდნენ, რომ ჩამოეშორებინათ. არ იყო შეჩვეული მათთან ჭიდილს, რადგან ასეთი ჭიდილი არ უწევდა სტალინის პერიოდში.
იგივე რუსეთში რაღაცა ჯგუფი თვლის, რომ ბერია იყო დიქტატორი, მაგრამ ნაწილი პირიქით, ისევე როგორც საქართველოში, მაგრამ პოლიტიკაში გვყავდა და გვყავს ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ ბერიას სტილი მოირგონ საკუთარ თავზე…
– ამის ცდუნება ყველას ჰქონდა და ექნებათ. ამ როლს ირგებდნენ ბერიას ლანძღვით. ანუ, უნდათ გააკეთონ რაც ბერიამ გააკეთა, მაგრამ ლანძღონ პარალელურად. დღეს ქართველი პოლიტიკოსი რა დღეშია? – წამყვანი მხარე მოლენათა შეაფასებაში ჩვენთვის დასავლეთია. რუსეთისთვის არა და ამიტომ, რუსი ანალიტიკოსები ამ მხრივ უფრო თავდაჯერებული არიან, ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, არ აინტერესებთ დასავლეთს რა რეაქცია ექნებათ. ჩვენთან აინტერესებთ, რადგან ვიცით, რომ დასავლეთს არასოდეს არ ექნება კარგი რეაქცია ბერიას პოზიტიურ შეფასებაზე. ჩვენ ფაქტობრივად დასავლეთს მივყვებით.
რუსეთში რა ხდება – თავის დროზე ძალიან მოიშალა რუსეთის სახელმწიფო, მხოლოდ პუტინის ფიგურის შემოყვანამ შეცვალა სიტუაცია. პუტინი, რომელიც უშიშროების მაღალი რანგის ოფიცერია, ნელ-ნელა დაიყო ამ იდეის ამოტივტივება, რომ უშიშროების სისტემაში იყვნენ ადამიანები და შეიძლება ახლაც იყვნენ ისეთები, რომლებიც ზრუნავენ სახელმწიფოზე და მაქსიმალურად პროგრესულები არიან. სწორედ პუტინის მოსვლის მერე წამოიწია ბერიას ისტორიულმა ფიგურამაც. ხშირად ხდება, როდესაც მოქმედი ლიდერები ბაძავენ ძლიერ ფიგურებს.
გიორგი სააკაძე უარყოფითი ფიგურა იყო საქართველოს ისტორიაში, დასჭირდა სტალინს მისი დადებითად გახდომა და გადაიღო ფილმი. სააკაძეში ის ხედავდა თავის თავს და თუ სააკაძე მართალია, ისიც გამართლდებოდა. ანუ, სააკაძე იყო ის ფიგურა, რომელიც დიდი სახელმწიფოს სამსახურში ჩადგა და მერე შეძლებისდაგვარად თითქოს დაეხმარა საქართველოს. სტალინიც ასე თვლიდა. ასე რომ, შეფესებები ძალიან ხშირად ამ კუთხით ხდება. რუსეთში წამყვანი ფიგურა არის პუტინი და პუტინის კუთხიდან შეფასებულ ბერიაში მეტ პოზიტივს იპოვიან. საქართველოში ასეთი პოზიტიური შეფასება ნაკლები იქნება, იმიტომ, რომ ქართველი ანალიტიკოსები დასავლეთზე არიან ორიენტირებული და დასავლეთი ბერიას, ისევე როგორც სტალინს პოზიტიურად ვერ შეაფასებს.
მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა მიებაძა ბერიასთვის, განსაკუთრებით ეს ხაზი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოდან წავიდა. ამ მხრივ სააკაშვილი არ იყო გამონაკლისი, თითქმის ყველა საკუთარ თავში ხედავდა ბერიას, მაგრამ ამის ხაზგასმას ვერ ბედავდნენ. თავისთავად ჩნდება კითხვა, თუკი საქართველოს მოღალატე იყო, მაშინ აიგივებდნენ საკუთარ თავს ამ მოღალატესთან?
– არა მარტო სააკაშვილი, იგივე ვანო მერაბიშვილი ამბობდა, რომ ის არის ბერია. ღალატი არ ვიცი, მაგრამ ბერია მოხერხებული და ჭკვიანი იყო. ამ მოხერხებულობით მოხიბლა სტალინი. დღეს ვინმეში ბერია რომ დაინახო, უნდა სცადო ჯერ სტალინი იპოვო. ანალოგიურად, საფრანგეთის ისტორიაში რომ ჩავიხედოთ, გენიოსი იყო ფუშე, მაგრამ არაფერი არ იყო ნაპოლეონის გარეშე. რამდენჯერ უღალატა ნაპალეონს, მაგრამ ნაპალეონი მაინც ფუშეს ნიშნავდა პირველ პოლიციელად. რატომ? – იმიტომ, რომ მისი ფასი იცოდა.
წყარო: for.ge