ქსელური პრობლემა გვაქვს – ფეისბუკი

ფეისბუკის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი მაიკ შროპფერი წერს, რომ ფეისბუკს ქსელური პრობლემა აქვს.

უკვე რამდენიმე საათია, რაც ფეისბუკი და მის დაქვემდებარებაში მყოფი აპლიკაციები ინსტაგრამი და whatsapp გათიშულია.

„გულწრფელად ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც ფეისბუკის სერვერების გათიშვით დაზარალდა. ამჟამად ჩვენ გვაქვს ქსელური პრობლემა და ჩვენი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრათ ის და აღვადგინოთ ქსელი“, – წერს ის ტვითერზე.

 

გათიშვის სხვა დეტალები და ასევე ზუსტი დრო ამ ეტაპზე (00:58 საათი) უცნობია.

პარალელურად, ტვიტერზე მოქალაქეები და ჟურნალისტები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კომპანიის შენობაში თანამშრომლები ვერ შედიან. რისი მიზეზიც ისაა, რომ მათი ელექტრონული ე.წ. ბეიჯები (საიდენტიფიკაციო ბარათები) არ მუშაობს. Bloomberg-ის ინფორმაციით კი, გათიშვის შემდეგ მარკ ცუკერბერგმა 6 მილიარდზე მეტი დაკარგა.

 


სოციალური ქსელის გათიშვამდე მედიაში გავრცელდა „ფეისბუკის მამხილებლის“, ფრენსის ჰაუგენის ინტერვიუ. ქალი, რომელიც მანამდე ფეისბუკში მუშაობდა, პროფესიით არის მონაცემთა ანალიტიკოსი.

CBS-თან ვრცელ ინტერვიუში ის ჰყვება, რომ კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს მოგებას და არ ცდილობს დეზინფორმაციასთან თუ სიძულვილის ენასთან სათანადო ბრძოლას.

მისივე თქმით, ფეისბუკის ალგორითმი შექმნილია იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს საფრთხის შემცველი თუ ნეგატიური კონტენტის გავრცელებას, რადგან კომპანიაში იციან – ასე მომხმარებელს უფრო მოიზიდავენ და უფრო მეტ დროს გაატარებინებს ქსელში.

CBS-თან ინტერვიუმდე ჰაუგენმა შიდა მოხმარების დოკუმენტები მიაწოდა The Wall Street Journal-ს, თუმცა, ანონიმურად. დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოცემამ გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია კომპანიის სისტემურ ხარვეზებზე – მათ შორის იმაზე, რომ ფეისბუკმა იცის, რა უარყოფითი ზეგავლენა აქვს მოზარდებზე. ასევე, ის ვერ ებრძვის სიძულვილის ენასა თუ სხვა ტიპის დანაშაულებს, ამის ნაცვლად კი „უსაფრთხოების წინ აყენებს მოგებას“.

 

“რეზონანსი”