როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ელაპარაკოს პენიტენციურ სისტემაზე!?

როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ელაპარაკოს პენიტენციურ სისტემაში დარღვევებზე, როცა მათ მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა.

2011 თუ 2012 წელს 140 გარდაცვლილი პატიმარი გვყავდა. ეს არის არასრული სტატისტიკა იმ ადამიანების, რომლებიც შეეწირნენ „ნაცინალური მოძრაობის“ რეჟიმს. ამიტომ ვერ გაბედავდა დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი წარმომადგენელი აქ მოსვლას და „ქართული ოცნებისთვის“ პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების აქტუალიზირებას – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.

როგორც კილაძემ აღნიშნა, ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტის დარბაზში არ არის.

„მართალია, შუბლზე „ძარღვის გაწყვეტა“ და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალება, რასაც რეალურად თვითონ აკეთებდნენ, მათთვის უცხო არ არის, ამის მიუხედავად პრაგმატული იყო მათთვის დღეს აქ არმოსვლა.

როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ და თეა წულუკიანს ელაპარაკოს პენიტენციურ სისტემაზე და პენიტენციურ სისტემაში არსებულ დარღვევებზე, როდესაც მათ მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა. მაშინდელი სახელისუფლებო გუნდიდან არავინ იყო, რომ ეს ხმა გაეგონა და ამ ადამიანებისთვის რაიმე ნაბიჯი გადაედგა. სამწუხაროდ, ამიტომ გვყავდა, როგორც ქალბატონმა თეამ თქვა, 2010 წელს 144 გარდაცვლილი პატიმარი, 2011 თუ 2012 წელს 140 გარდაცვლილი პატიმარი. ეს არის არასრული სტატისტიკა იმ ადამიანების, რომლებიც შეეწირნენ „ნაცინალური მოძრაობის“ რეჟიმს“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

წყარო: itv.ge