საქართველოში დაჩაგრული ქართული კომპანია ხიდებს სომხეთში აშენებს!

მაშინ, როცა უცხოური სახელმწიფო კომპანიები გზებს საქართველოში აშენებენ, საქართველოს მთავრობა კი ქართულ კომპანიებს მასშტაბური პროექტების განხორციელების გამოცდილებას უწუნებს, „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ინფრასტრუქტურულ პროექტს საზღვარგარეთ ახორციელებს. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორის პაატა ტრაპაიძე გვიყვება, რომ სომხეთში 255 მეტრი სიგრძის 2 ახალი ხიდის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

„პროექტზე მუშობა 2020 წლის იანვარში დავიწყეთ. ეს არის ტენდერი, რომელიც ორჯერ ჩაიშალა. პირველად, 2010 წელს, პროექტს იტალიელები ახორციელებდნენ, თუმცა სამუშაოები არ შესრულდა, ტენდერი ვერც მეორედ განხორციელდა. 2019 წელს სახელმწიფო შესყიდვა კიდე ერთხელ გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ. ეს არის 13,5 მლნ დოლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც 255 მეტრი სიგრძის 6 მალიანი, ავტობანის 2 ხიდის აშენებას გულისხმობდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუშებიც კი საქართველოდან წავიყვანეთ, ძალიან ბევრი რკინის კონსტრუქცია მზადდება საქართველოში და ისე მიგვაქვს. მიუხედავად პანდემიისა და სომხეთში განვითარებული საომარი მოქმედებებისა, ჩვენ მუშაობა არ გაგვიჩერებია. შესაბამისად, ჩვენი დამკვეთი ერევნის მერია სამუშაოთი კმაყოფილია. ჩემი აზრით, ეს არის წარმატებული ქართული სამშენებლო ექსპორტი“, – განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

 

255 მეტრი სიგრძის 2 ახალ ხიდის მშენებლობა „კავკასუს როუდ პროჯექტისთვის“ პირველი პროექტი არ ყოფილა, რომელსაც საზღვარგარეთ ახორციელებს. პაატა ტრაპაიძე გვიყვება, რომ უმსხვილეს ავსტრიულ კომპანია „Strabag“-თან ერთად 2013 წელს ყაზახეთში იმუშავეს, სადაც კომპანიამ ბეტონის გზები დააგო.  „კომერსანტის“ კითხვაზე, ხომ არ აპირებს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც მუშაობის გააქტიურებას, ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ ეტაპზე იმ ქვეყნების ტენდერებში არ იღებს მონაწილეობას, სადაც კორუფციული რისკები არსებობს.

 

 

 

„სურვილი ერთია და რეალობა მეორე, აზერბაიჯანში ძალიანაც რომ მოვინდომოთ, მაინც ვერ მივიღებთ ტენდერში მონაწილეობას, რადგან საშინელი კორუფციაა. სომხეთში ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ მონაწილეობა, მაგრამ სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა, არაფერი გამოვიდა. დღეს სომხეთში კონკურენტული გარემო შეიქმნა და ქრთამს არავინ ითხოვს. მეორე წელია, რაც მეზობელ ქვეყანაში ვმუშაობთ და დამკვეთთან პრობლემა არ გვქონია, პირიქით – დამკვეთი სამუშაოთი კმაყოფილია, რადგან როდესაც ყველა გაჩერებული იყო, ჩვენ ვმუშაობდით“, – აცხადებს პაატა ტრაპაიძე.

 

„კავკასუს როუდ პროჯექტი“ დიდი მოცულობის პროექტებში მონაწილეობას საქართველოშიც იღებს. პაატა ტრაპაიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც ქართულ კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის დროს აწყდებიან. პრობლემებზე, რომლის შესახებაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იცის, თუმცა მათი მოგვარების მიზნით ქმედითი ნაბიჯი ამ დრომდე არ გადადგმულა.

 

„საქართველოში ტენდერებთან დაკავშირებით არის ერთი მინუსი, კონტრაქტი ფორმდება ლარში, უცხოური ვალუტის კონვერტაციით გამოწვეულ ზარალს არავინ გვიზღვევს. ძალიან ბევრ რამეს ევროში და დოლარში ვყიდულობთ, რა დროსაც მუშაობა საკმაოდ რთულია. სომხეთში ტენდერში მონაწილეობა იმიტომ მივიღეთ, რომ შესყიდვა დოლარში იყო. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბაზარზე ჩინური სახელმწიფო კომპანიები ოპერირებენ, რომელთაც თავიანთი პოლიტიკური სტრატეგია აქვთ. კომპანიები ტენდერებს ისეთ დაბალ ფასებში იგებენ, შეუძლებელია შესყიდვაში მიიღო მონაწილეობა“, – ამბობს პაატა ტრაპაიძე.

 

ბაჩო ადამია, “კომერსანტ.გე”

შეგახსენებთ, 2020 წლის მიწურულს ქართველი მშენებლების მხრიდან უკვე გაისმა პრეტენზიები სახელმწიფოს მიმართ: “მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია,” – ეს განცხადება პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, პოლონეთს მაგისტრალებისა და გზების მშენებლობის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. პოლონელი დიპლომატის განცხადების კომენტირება bm.ge-მ საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს სთხოვა, სადაც განმარტეს, რომ ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებიდან ინტერესი არის, მაგრამ საერთაშორისო ტენდერებში ისინი უმეტესად ვერ ახერხებენ მსხვილი ჩინური კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას კვალიფიკაციის და ფასის ნაწილში. თავის მხრივ, პროექტებში ქართული კომპანიების მცირე ჩართულობაზე წუხს ადგილობრივი ბიზნესის ნაწილიც.

ამ თემაზე „საქმის კურსის“ ეთერში კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ ისაუბრა.

“არაფერი კავშირი აქვს საკითხს ჩინელობასთან. დღეს ტენდერებში მონაწილეობს ძირითადად 7 ჩინური კომპანია და ისინი ძირითადად არის სახელმწიფო კომპანიები. მე მაქვს კითხვა – რომელი კომერციული კომპანია გაუწევს კონკურენციას სახელმწიფო კომპანიას?! ეს არის აბსურდი. დიახ, ეს ევროკავშირის ფულია, თუმცა ეს ფული ჩვენი გადასახდელია. ყველა ვზარალდებით“, – განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

მისივე თქმით, ტენდერებში სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობა უნდა აიკრძალოს და ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ ქართულ კომპანიებს, არამედ – ყველას.

„ქართულ სახელმწიფო კომპანიებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში და სხვა ქვეყნების სახელმწიფო კომპანიებს რატომ აქვთ?! ეს არის გაუმჭვირვალე ტენდერების შედეგი, რადგან ვერც ერთი ქართული თუ ევროპული კომპანია ჩინურ კომპანიებს კონკურენციას ვერ გაუწევს. გამოსავალი ალბათ ერთია – ყველა სახელმწიფო კომპანიას აეკრძალოს ტენდერებში მონაწილეობა. არც ერთი ჩინური კომერციული კომპანია არ მონაწილეობს ტენდერებში. თუ ერთი მხარისთვის არის რაიმე შეღავათი, მაშინ მეორე მხარისთვისაც იგივე უნდა იყოს და ეს უნდა ეხებოდეს შეზღუდვებსაც“, – განაცხადა ტრაპაიძემ  (წყარო: “ბმ.გე”).