აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია „თალიბანის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გეგმავს. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
მათივე ცნობით, სამიტი შაბათ-კვირას ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. აშშ-ის დელეგაციაში შევლენ სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები.
„ჩვენ „თალიბანს“ მოვთხოვთ, რომ პატივი სცეს ავღანელთა უფლებებს, ქალებისა და გოგონების ჩათვლით, და ჩამოაყალიბოს ინკლუზიური მთავრობა. ვინაიდან ავღანეთს ეკონომიკური შემცირება და ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება, ჩვენ ასევე მოვთხოვთ „თალიბანს“, რომ ჰუმანიტარულ სააგენტოებს თავისუფალი წვდომის საშუალება მიეცეთ,“- აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
მედიის ინფორმაციით, მხარეები ისაუბრებენ აშშ-ის მოქალაქეებისა და იმ ავღანელი პარტნიორების უსაფრთხო ტრანსპორტირების საკითხზე, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ, ასევე ტერორიზმის საფრთხესა და საშიშროებაზე, რომ ავღანეთი კვლავ არ გადაიქცეს ალ-ქაიდას ან სხვა ტერორისტული დაჯგუფების კერად.