ქვეყანა „ტვინდემიის” (ინგ. „twins” – ტყუპები) საფრთხის წინაშეა.
მედიკოსები ორი ვირუსის ცირკულაციის თანხვედრას ვარაუდობენ. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გრიპისა და კოვიდის ერთდროული გავრცელება, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დაამძიმებს. „ტვინდემიის” საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებას კვლავ იმ რეკომენდაციების მკაცრი დაცვა მოუწევს, რომლებიც სპეციალისტებმა კოვიდთან საბრძოლველად გასცეს.
„ტერმინი „ტვინდემია” ნიშნავს პარალელურად მიმდინარე ორ ეპიდემიას. ამ შემთხვევაში, იგულისხმება კოვიდისა და სეზონური გრიპის ეპიდემიები. თუ ეს ორი ეპიდემია ერთდროულად იქნება, სამწუხაროდ, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, მძიმე შემთხვევების მაჩვენებლები გაიზრდება, რეანიმაციები გადაიტვირთება და, სამწუხაროდ, გაიზრდება სიკვდილობა. ამ ორი დაავადების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ყველა პრევენციული ზომა, რომელიც კოვიდის დროს გამოიყენება, ავტომატურად, ერთი ერთში, არის გრიპის ეპიდემიის პრევენციაც. ჯერჯერობით, „ტვინდემია” მხოლოდ მოლოდინია მსოფლიოში”, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 583 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 602 372, გარდაიცვალა 9 269 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით” კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის” ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით” იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
“რეზონანსი”