“მინდა, ჩემს ქვეყანაში ქვეყნის პირველი პირი, წინა პირველ პირს ციხეში არ სვამდეს!”

მიტროპოლიტი ნიკოლოზი – “მინდა, ჩემს ქვეყანაში ქვეყნის პირველი პირი წინა პირველ პირს ციხეში არ სვამდეს!”.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც უერთდება. მიზეზებზე ის რადიო თავისუფლებას ესაუბრა.

– “მე მინდა, ჩემს ქვეყანაში ქვეყნის პირველი პირი წინა პირველ პირს ციხეში არ სვამდეს, ისე ახერხებდნენ ურთიერთობას – მერე კიდევ შეიცვლება ხელისუფლება და მინდა ხელისუფლების ცვალებადობა არ იყოს წინას ციხეში ჯდომასთან დაკავშირებული … მაგალითი სააკაშვილმა თავის დროზე მოგვცა, მისი წინა პირველი პირი რომ არ დააპატიმრა” – უთხრა “რადიო თავისუფლებას” მიტროპოლიტმა.

მანვე აღნიშნა, რომ სურს ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნახვა, თუ ამის შესაძლებლობა ექნება:

– “სირთულეებთან არის დაკავშირებული – იუსტიციის სამინისტროდან არის საჭირო ნებართვა … არ მინდა ჩემს შესვლას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვეს – მინდა ადამიანურად მოვინახულო ციხეში”.

ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტში ვრცელდება პეტიციები, რომლითაც ითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ერთ-ერთ ვებგვერდზე 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული პეტიციის შინაარსი ასეთია:

– “თუ მიგაჩნიათ რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მას უნდა მიეცეს საშუალება ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ მოაწერეთ ხელი პეტიციას. ერთად დავიხსნათ პრეზიდენტი ტყვეობიდან!”.

ამ აღნიშნულ პეტიციას, უკვე 11 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

წყარო: news.ge