„ჩვენი მოთხოვნა შესაძლოა მხოლოდ ექსტრადიცია არ იყოს“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, დიპლომატები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან უწყვეტ კავშირზე არიან.

„ჩვენ ვამყარებთ მუდმივ კონტაქტს მიხეილ სააკაშვილთან, ასევე ადვოკატებს და კონსულს აქვთ შეუფერხებელი წვდომა. უკვე გვქონდა მასთან რამდენიმე საუბარი, სადაც ნათლად განგვიმარტეს მისი და მისი ადვოკატების პოზიცია“, – აღნიშნა კულებამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა საქმის სამართლებრივ მხარეს სწავლობს და ირჩევს ალგორითმს, რომელიც გამოყენებული იქნება.

„მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში არ ვტოვებ. ამიტომაც, შეგატყობინებთ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა გზით გავაგრძელებთ სვლას და ეს შეიძლება, მხოლოდ ექსტრადიცია არ იყოს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.