ავიაკომპანია Alitalia-მ არსებობა შეწყვიტა

იტალიის უმსხვილესი ავიაკომპანია Alitalia ოფიციალურად გაკოტრდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

15 ოქტომბრიდან ფრენებს რეორგანიზაციის პროცესში შექმნილი კომპანია Italia Transport Aereo (ITA) შეასრულებს. მას დარჩა Alitalia-ს 52 თვითმფრინავი, ამასთანავე თანამშრომელთა რიცხვი 10 ათასიდან 2800-მდე შემცირდება. Alitalia-ს ბრენდი და რეისების კოდი AZ ასევე ახალ კომპანიას გადაეცემა.

უკანასკნელი რეისი Alitalia-მ 14 ოქტომბერს, კალიარი-რომის მარშრუტზე შეასრულა.

ავიაკომპანია Alitalia 1946 წელს დაარსდა, 2014 წელს კი მისი აქციების 49% Etihad Airways-მა შეიძინა. მრავალი წლის განმავლობაში კომპანია ზარალზე მუშაობდა და გაკოტრების ზღვარზე იყო. 2017 წელს კომპანიაში მართვის საგანგებო რეჟიმი დაწესდა, რის შემდეგაც Alitalia-მ მთავრობისგან 1,3 მილიარდი ევრო ისესხა.

Alitalia-ს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა და აკრძალვების გამო მიიღეს.

“იმედინიუსი”