საჭირო იქნება ხისტი გადაწყვეტილებები და დარწმუნებული იყავით, რომ მწვანე პასპორტები ამოქმედდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კოვიდვითარების პროგნოზი საიმედო არ არის და ინფიცირების მსგავსი მაღალი მაჩვენებლის გამო, სავარაუდოდ, კვლავ რეგულაციების გამკაცრებაა მოსალოდნელი.

– “პროგნოზი არ არის საიმედო და შესაბამისად, დღესაც იქნა ეს დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს კვლავ პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებების. ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელი ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ქვეყანაში ე.წ მწვანე პასპორტები ამოქმედდება და იმ პირებს, რომელთაც ეს პასპორტები არ ექნებათ, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ. ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში სხვადასხვა სახით მოქმედებს აღნიშნული პასპორტები და საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, თუ რომელი იქნება საქართველოსთვის მისაღები.

– “მწვანე პასპორტები ამოქმედდება და დარწმუნებული იყავით. თარიღს ვერ გეტყვით” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: newposts.ge