ნიკა მელია: არასდროს მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა – ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!
– “სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა.
მე არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა – ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!
რაც შეეხება მის მიერ, მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას ატკატებად და მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას – ეს პერსონალური საკითხები არაა. ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება, მისი დამარცხებისთანავე. ვიცი, რომ პასუხები არა აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია – დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით.
არადა თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ – მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ – ისინი უნდა დავამარცხოთ! ყველამ ერთად 30-ში” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ღია დებატებში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც კახა კალაძემ განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.
წყარო: itv.ge