დიდ ბრიტანეთში ნარკომოვაჭრეების ქსელების წინააღმდეგ ერთკვირიანი ოპერაციის ფარგლებში 1 500-მდე ადამიანი დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები ინგლისსა და უელსში დააკავეს.
დაჯგუფებების ხელმძღვანელები მსხვილი ქალაქებიდან ნარკოტიკს სასოფლო დასახლებებში ყიდდნენ და ამისთვის მათ მიერ კონტროლირებად სატელეფონო ხაზებს იყენებდნენ. დილერები ნარკოვაჭრობაში კურიერებად არასრულწლოვნებსა და მცირე შემოსავლის მქონე ზრდასრულებს რთავდნენ იძულებისა და დაშინების გზით.
11-17 ოქტომბრის პერიოდში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ორი მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ნარკოტიკი, მათ შორის კოკაინი და ჰეროინი; დააკავეს 1 468 ადამიანი, გამოავლინეს არალეგალურ საქმიანობაში იძულებით ჩართული 2 664 მოწყვლადი პირი, მათ შორის 2 209 ბავშვი; აღმოჩენილია 1 მილიონ 254 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ნაღდი ფული და 289 ერთეული იარაღი.