გუშინდელ კადრებზე მინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთო კომენტარი, როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ამის შემდეგ ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.
მთავრობის მეთაური გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენარზე საუბრობს.
– “როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ამის შემდეგ ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს. კაცმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის, რომ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა ორი დღე. წარმოიდგინეთ, კატასტროფაში ვართ პირდაპირ, როცა ეს ადამიანი ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას, ახლა უკვე ციხიდან, პოლიტიკაში დარჩენაზე, მაგრამ მე მჯერა ჩვენი მოსახლეობის სიბრძნის. ამ არჩევნებს მშვიდად ჩავატარებთ. ჩვენი ამოცანაა, ეს იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა იქნება მობილიზებული, რომ არავითარი საბაბი არ მივცეთ ამ დესტრუქციულ ძალას. რაიმე სპეკულირების და პროვოკაციის მოწყობის საშუალება არ უნდა მიეცეთ. მშვიდად ჩავატარებთ, მოვიგებთ არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში, ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას და ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება საქმე, საქმე და საქმე, მხოლოდ განვითარება და კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო: ptn.ge