სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: დაწყებულია მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 21 ოქტომბერს, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ, გასაჯაროვდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სიუჟეტის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის მასალას. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აღნიშნავენ, საქართველოს პროკურატურამ, ოფიციალური განცხადებით, დაადასტურა, რომ მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი ნამდვილად წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის მასალას და იგი გადაცემულია პროცესის მონაწილეებისთვის.
– “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და ვიდეოაჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.
სისხლის სამართლის საქმის მასალების მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების მავნე პრაქტიკა, განხილულია საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშშიც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესწავლილი აქვს არაერთი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების მასალები (მოწმეთა გამოკითხვები, ექსპერტიზის დასკვნები, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ვიდეოჩანაწერები და ა.შ.) პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირებით, გავრცელდა საჯაროდ. სამსახურის მიერ შესწავლილ ფაქტებს შორის, არის ისეთი შემთხვევები, როცა გასაჯაროებულ მასალაზე ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს და ისეთი შემთხვევებიც, როცა სისხლის სამართლის მასალა ბრალდების მხარეს გადაცემული ჰქონდა დაცვის მხარისათვის.
ზოგადად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელი მიუწვდება პირთა ფართო წრეს – საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ – ბრალდებულ(ებ)ს, ადვოკატ(ებ)ს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ერთი სისხლის სამართლის საქმეში რამდენიმე ბრალდებულის არსებობისას, ხშირად ყველა ბრალდებულისთვის ხდება სისხლის სამართლის მასალის სრულად გადაცემა, მათ შორის ისეთი დოკუმენტების გაცვლა, რომლებიც არ წარმოადგენს იმ კონკრეტული ბრალდებულის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებას. ცხადია, სისხლის სამართლის საქმის მასალის პირთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომობა ზრდის არაუფლებამოსილ პირთა მხრიდან სხვისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის არაკანონიერი გამოყენების რისკებს და ზიანს აყენებს მონაცემთა სუბიექტის უფლებებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების გასაჯაროების პრევენციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ თავად მონაცემთა დამმუშავებელ დაწესებულებებს, რომლებმაც უნდა მიიღონ სათანადო ზომები მონაცემების დასაცავად (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდონ პროცესის მონაწილეთა მხრიდან მათი გამჟღავნება) და ასევე, ყველა იმ პირს, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე“ – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: itv.ge