სიცრუეა, თითქოს მე და ზურაბ ფაღავას დაპირისპირება გვქონდა, ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა მან კონსილიუმი, შევეცდები გავესაუბრო და გავარკვიო

ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, შევეცდები გავესაუბრო და გავარკვიო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მასსა და ფაღავას შორის დაპირისპირება არ ყოფილა და ეს ინფორმაცია სიცრუეა.

„როდესაც ამბობთ, თითქოს, ჩემსა და ბატონ ფაღავას განცხადებებში არის უთანხმოება და ჩვენ გვქონდა ერთმანეთთან დაპირისპირება, ეს კიდევ ერთი სიცრუე. ნუ შეგყავთ შეცდომაში მაყურებელი და საზოგადოება. არსად ყოფილა ამაზე საუბარი. ფაღავას არ უსაუბრია სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. ვთქვი და ხაზგასმით ვამბობ, ექიმებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაში გადაყვანაზე, მათ შორის სამოქალაქოში. რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა ჩემთვის უცნობია. ვეცდები, გავესაუბრო და გავერკვიო ამის მიზეზშიც. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს“, – განაცხადა ბრეგაძემ

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა, ზურაბ ფაღავამ დღეს დატოვა.

 

“იმედინიუსი”