საფეხბურთო კლუბ “ბაიერნ მიუნხენის” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჯოშუა კიმიხი ჯერ კიდევ აუცრელია. რა არის ამის მიზეზი?
ეს შეკითხვა კიმიხს გასულ შაბათს, “ჰოფენჰაიმთან” “ბაიერნის” თამაშის შემდეგ დაუსვეს. ფეხბურთელი თავის გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებს, რომ მას სურს, დაელოდოს ვაქცინების გრძელვადიან შედეგებს.
“მე წინააღმდეგი ვარ, როდესაც ადამიანებს აცრილებად და აუცრელებად ჰყოფენ. არადა, სწორედ ეს ხდება. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება, აუცრელები გავუტოლოთ აცრების მოწინააღმდეგეებსა და კორონავირუსის უარმყოფლებს. უბრალოდ, ბევრი ჩვენგანი, ვინც ჯერ არ იცრება, უფრო მეტ ეჭვს გამოთქვამს. ამ პოზიციას პატივი უნდა ვცეთ, როდესაც ეს ადამიანები პროფილაქტიკურ წესებს იცავენ” – ამბობს კიმიხი “ბილდ”-თან ინტერვიუში.
მან ასევე აღნიშნა, რომ თავად იცავს ჰიგიენის წესებს, საფეხბურთო კლუბში კი მას ყოველ ორ-სამ დღეში უტარებენ კოვიდ-ტესტებს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგაში მიმდინარეობს ვაქცინაციის კამპანია საფეხბურთო სახელწოდებით: “დაარტყი კოვიდს!”