ცენტრი „ემპათია“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას მიმართვის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ის ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზებას ითხოვს, საქმის მასალებს შეისწავლის. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.
როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი გამოიყოფა.
„რა თქმა უნდა, მომართვის საფუძველზე, ჩვენ შევისწავლით საქმის მასალებს და გამოიყოფა შესაბამისი ექსპერტთა ჯგუფი, ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტებით ექსპერტიზა, მათ შორის, სტამბოლის პროტოკოლით, რაც გულისხმობს, როგორც უფლებრივი მდგომარეობის ანალიზს, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზს, გაიცემა რეკომენდაციები“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ იმ კონსილიუმს, რომელშიც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იღებს მონაწილეობას, არ ენდობიან. შესაბამისად, მან ცენტრ „ემპათიას“ ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზების თხოვნით მიმართა.
“ინტერპრესნიუსი”