თუ შეზღუდვა არ იქნება, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 30-35% აღმოჩნდა და თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 33%-ია, ხოლო ერთჯერადად მოზრდილი მოსახლეობის 36.6%.

„საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, რომ აცრების ყოველდღიურმა რაოდენობამ მოიმატოს. მიუხედავად იმისა, რომ დავდივართ რაიონებში და ცნობადობა გაიზარდა, მოსახლეობის მხრიდან რეზისტენტობა მაღალია. მთელი რიგი ღონისძიებაა დაგეგმილი, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი. ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. ზოგიერთი ქვეყნისთვის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 20% იყო და ზემოთ ვეღარ წავიდნენ, ზოგიერთისთვის 40%, ზოგიერთისთვის 50%. ჩვენთვის ეს მაჩვენებელი 33-35%-ის ფარგლებში აღმოჩნდა. ასე რომ, თუ რაიმე ძლიერი წამახალისებელი არ იქნება ან რაიმე შეზღუდვა არ იქნა შემოღებული, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება, აცრები აღარ გაიზრდება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

“იმედინიუსი”