ქართველების საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების საკითხი გაურკვეველი ვადით გადავადდა

საქართველოდან საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების საკითხი გადავადდა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ესაუბრა. სააგენტოს ცნობით, გადავადების მიზეზი კოვიდპანდემიის გამო ქვეყნებს შორის მობილობის შეზღუდვა გახდა.

– “2020 და 2021 წელი, კორონაპანდემიის გათვალისწინებით, ცხადია რომ არის წლები, როდესაც გადაადგილება/მობილობა განსაკუთრებით იყო/არის შეზღუდული. საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმება პირდაპირ არის კავშირში ზემოხსენებულ ფაქტორებთან და შესაბამისად მოახდინა გავლენა პროცესის ტემპსა და მოლოდინებზე“ – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას ბულგარეთშიც შეძლებენ. მისივე განმარტებით, მხარეებს შორის დოკუმენტი ხელმოწერილია და მიმდინარეობს საოპერაციო ხელშეკრულებებზე შეთანხმება, რომელსაც საბოლოოდ ხელი დეკემბერში მოეწერება.

რაც შეეხება იმავე ხელშეკრულებას სხვა ქვეყნებთან, თამარ ბარკალია ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასევე საფრანგეთთან, რათა ხელმოწერილი ხელშეკრულება ქმედითი გახდეს. „საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა, თუმცა ყველაფერი მოლაპარაკების ეტაპზეა და ვფიქრობ, 2022 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან, მსგავსი თანამშრომლობა გვექნება” – აღნიშნა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

წყარო: newposts.ge