მოსკოვის თეატრის ქუთაისში ჩამოსვლა, ორ თეატრს შორის მეგობრობაა!- კოტე აბაშიძე

მოსკოვის თეატრის ჩამოსვლა ჩვენ უხერხულობას არ გვიქმნის, – ამის შესახებ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ორი თეატრის თანამშრომლობა, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

„ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ევროპის და აზიის ექვს თეატრთან არის დამეგობრებული, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის თეატრია. ეს არის ორი თეატრის მეგობრობა, ანუ კულტურული ურთიერთობა, შემოქმედებითი მეგობრობა, რაც არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, არც საქართველოში და არც რუსეთში ამ საქმეში მონაწილეობა არ მიუღია. ეს არის ორი თეატრის შემოქმედებითი ურთიერთობა. ტურისტული რუსეთი და ტურისტების ჩამოსვლა გვინდა, სპორტული და კულტურული რუსეთი არაა?! ვისაც უხერხულობას უქმნის მისი პრობლემაა, ჩვენ უხერხულობას არ გვიქმნის“, – განაცხადა კოტე აბაშიძემ.

დღეს, ქუთაისში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრი სპექტაკლს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართავს, რასაც ე. წ. “ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები” და “სააკაშვილისტი” მოქალაქეები აქციით გააპროტესტებენ.