სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს. სახელმწიფომ SANOFI PASTEUR-ის წარმოების ვაქცინები უკვე შეიძინა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ჩაიტარებენ:

სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები. სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.

ამასთან, სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ პირებად განისაზღვრნენ: სამედიცინო პერსონალი, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები;მონადირეები; ვეტერინარები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი. საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.

გრიპის ვაქცინაცია ნებისმიერ პოლიკლინიკაშია ხელმისაწვდომი, რომელიც ჩვეულებრივ, სტანდარტულად ატარებს იმუნიზაციას.
ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გადანაწილდება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო.

 

“იმედინიუსი”