რას წერდა გია მაისაშვილი შიმშილობის 40 დღის შემდეგ – ,,ბოდიში ყველას… ახლობლებს გულს ნუ ატკენთ”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს ეჭვს, მათ შორის  ხელისუფლების წარმომადგენლები. წერენ, რომ ამდენი დღე უბრალოდ ვერ გაძლებდა მშიერი.

4 წლის წინ მთელი საქართველო ადევნებდა თვალს პოლიტიკოს გია მაისაშვილის შიმშილობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყველა სასწაულის მოლოდინში იყო. გია მაისაშვილი სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა და იმედი ჰქონდა შიმშილობის სამკურნალო მეთოდის, რომლითაც მძიმე სენს დაამარცხებდა. სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა. გია მაისაშვილი ურთულესი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიტიკოსი ამ 40 დღის განმავლობაში თითოეული დღის ჩანაწერს აკეთებდა, თუ როგორ გრძნობდა თავს, რომ მერე სხვებისთვის სახელმძღვანელოსავით დაეტოვებინა. 40-დღიან შიმშილობის შემდეგ გია მაისაშვილმა დაწერა:

„უმკაცრესი 40-დღიანი შიმშილობა დასრულდა, უშედეგოდ. გუშინ გადავიღეთ სკანირება ტვინის, ველოდი სასწაულს, მაგრამ, სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა, ბოდიშს გიხდით, რომ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, ის აგრესიული სიმსივნე ისევ იქაა და თუ არ შეჩერდა…

თქვენ და მე ყველაფერი ვცადეთ, მეტი რაღა შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ამერიკიდან გვაცნობეს ახალ სამედიცინო გარღვევაზე ამ ტიპის სიმსივნის დამარცხებაში და დროის დაკარგვის გარეშე სასწრაფო წასვლაა საჭირო და იმ კლინიკურ ექსპერიმენტში მონაწილეობა. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, შეიძლება ისე მომდის, მაგრამ სიკვდილთან დანებება ასე ნაადრევად მაინც არ მსურს, ამდენი სიყვარული არ მეთმობა ასე ადვილად. ყოველ წამს მოუფრთხილდით, ახლობლებს გულს ნუ ატკენთ. ბოდიში ყველას”.