ფიქრია ჩიხრაძე: სხვების დამუნათებას და სხვებზე ქილიკს ურჩევნიათ მიხედონ იმ უბედურებას რაც მათმა 9-წლიანმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში.
სხვების დამუნათებას და სხვებზე ქილიკს ურჩევნიათ მიხედონ იმ უბედურებას რაც მათმა 9-წლიანმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში – საქართველოს მართავს სრულიად უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალი, არაკვალიფიციური ადამიანების ერთობა, რომლებიც ერთობიან ხელისუფლებაში ყოფნით – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ჩიხრაძემ ოპოზიციის მიერ თბილისში დაანონსებული მასშტაბური აქციის თარიღის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 6 ნოემბერს აქცია თბილისის ცენტრალური მოედნის ნაცვლად, რუსთავის საპატიმროსთან გაიმართება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მეტი აქცენტის გადატანას გეგმავს ამ მიმართულებით.
„მე ვერ გეტყვით ზუსტად, როდის იქნება დაგეგმილი მასშტაბური აქცია, მაგრამ აქციების წყება გაგრძელდება, პრაქტიკულად, ყოველდღიურად. იცით, რომ აქციები იყო ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, პარალელურად იყო საპროტესტო აქციები და, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ფიქრობს, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გადაიტანოს საპატიმროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება და იქ უფრო მეტი აქცია გამართოს, თუმცა სხვადასხვა ქალაქში, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით კვლავ იქნება აქციები.
მე როგორც ვიცი, ხვალინდელი აქცია იქნება საპატიმროსთან. შეიძლება მთლად დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ასეთი ინფორმაცია არის. არ არის ის ერთობლივი დიდი აქცია, რომელიც თავდაპირველად ითქვა, მაგრამ ის ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული იდეა და მხოლოდ მუშაობა მიდიოდა ამაზე.
საპროტესტო აქციები და პროტესტი ზოგადად არ არის სისხლის სამართლის კოდექსი, რომ ყველაფერი გაწერილი იყოს პუნქტ-პუნქტ და მუხლ-მუხლ. ვერავინ წარმოიდგენდა და წინასწარ ვერ გაწერდა, რომ ელენე ხოშტარია კონკრეტულ დროს და კონკრეტულ მომენტში დაიწყებდა თუ არა შიმშილობას, მამუკა ხაზარაძე კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ მომენტში დატოვებდა თუ არა მანდატს, ფრაქცია „ლელო პარტნიორობისთვის“ გამოაცხადებდა თუ არა ბოიკოტს, მაგრამ ეს ამბები მოხდა და ეს არის მიმდინარე ამბები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საპროტესტო ამბავი და კერა გახდება ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, სხვების დამუნათებას და სხვებზე ქილიკს, მათ ურჩევნიათ მიხედონ იმ უბედურებას, რაც მათმა 9-წლიანმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში და ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ უკიდურესი სიღარიბის თვალსაზრისით, ფასების უკონტროლო ზრდის თვალსაზრისით, პანდემიური სიტუაციის აბსოლუტურად ვერმართვის თვალსაზრისით და ამდენი ადამიანი ერთად აღებული გარდაცვლილი, მასშტაბური საბძოლო მოქმედებების დროს არ ყოფილა საქართველოში და ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ საქართველოს მართავს სრულიად უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალი, არაკვალიფიციური ადამიანების ერთობა, რომლებიც ერთობიან ხელისუფლებაში ყოფნით“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
წყარო: პალიტრანიუსი