გახარია მედვედევის განცხადებას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, დიმიტრი მედვედევის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთის შემოგარენში მდებარე ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას ეხება.

მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული.

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ არის მიმართული და ის არავის ემუქრება. ეს არის ჩვენი პოზიცია, პოზიცია, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც ვაფიქსირებთ და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის,  რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ   ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანის მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობები არსებობს, სახიფათოა. მისივე თქმით,  ნატო-ს წევრი ქვეყნები კარგად უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე რაიმე  გადაწყვეტილებას მიიღებენ.