პოლონეთის მთავრობას გარე საზღვრის დაცვაში უნდა დავეხმაროთ, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა.
„პოლონეთი ან გერმანია ამას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებიან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლონეთის მთავრობას გარე საზღვრის დაცვაში. ეს ევროკომისიის საქმე უნდა იყოს. ევროკომისიას მოქმედებისკენ მოვუწოდებ“, – აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ჰორსტ ზეეჰოფერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს პოლონეთის გადაწყვეტილებას ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ.
8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ.
პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციასა და სამხედრო ხასიათის პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.
29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.