„ნაცხროვა“ და „ქოცნახირი“

ორივე – „ნაცხროვაც“ და „ქოცნახირიც“, ზუსტად მორგებული ტერმინებია. აგრესიული, კბილებდაკრეჭილი, სისხლისმსმელი, ლეშის მჭამელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ანუ „ნაცხროვა“, რომელმაც საქართველო სისხლით მორწყო და ინდიფერენტული, რქიან-ჩლიქოსანი, ვეგეტარიანელი, მცოხნავი, იალაღებზე გასული „ქართული ოცნება“ ანუ „ქოცნახირი“, რომელმაც გადაჭამა და ფუნით გაავსო ქვეყანა.

აფთრების ხროვის შიშით, დაბეჩავებული ქართველი ისევ მობალახე ნახირს აეკიდა. ამ „ქოცნახირის“ მწყემსი არც ისეთი ბრიყვია და თავისი საქმე იცის: გამათხოვრებული ქვეყნის ხარჯზე მილიარდებს ამრავლებს და ოფშორებში აბანდებს, თან თავს ამადლის ქვეყანას და ხროვის რევანშით აშინებს.

ისე არ გამიგოთ, რომ პრობლემას მხოლოდ ამ ორ პარტიაში ვხედავდე. ამას წინათ, ტელევიზია „ობიექტივის“ მიკროფონიანმა გოგონამ მკითხა ქუჩაში: „ორი პარტიის ტყუილებით თუ დაიღალეთ?“ – „რატომ ორის? ყველა პარტიის ტყუილებით დავიღალე!“ – მივუგე მე.

თუმცა არც პარტიები არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა ის ქართველია, „ქოცნახირის“ გარდა გზას რომ ვერ ხედავს („ნაცხროვის“ მოტრფიალეებზე ხომ არაფერს ვამბობ), ვერ აფასებს უფულო, მაგრამ ღირსეულ პიროვნებებს, მხოლოდ ფულით გატენილ ბანდიტებს შორის ახდენს არჩევანს… საერთოდ ამაზრზენნი არიან ე. წ. „ცნობადი სახეები“, რომლებსაც აქვთ ტრიბუნა დათმობილი ტელევიზიებში და ზოგი „ქოცნახირს“ ემსახურება, ზოგი – „ნაცხროვას“ (ვიღაც წვერგაუპარსავი ტიპების გაუთავებელი ქაქანი კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმზე კიდევ ცალკე „მოვლენაა“).

აქვე მინდა, გასაგებად დავწერო და, ვინმეს თუ არ ახსოვს, შევახსენო: ამ უკანასკნელთ, ანუ „ნაცებს“, მე მაშინ ვაგინებდი საჯაროდ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და, მაშასადამე, ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ, ვიდრე ახლა. სხვათა შორის, გინებაზე: მე და ჩემისთანები „ნაცხროვამ“ იმიტომაც არ დასაჯა მწარედ (გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად არ აწყობდათ), განსხვავებით, მაგალითად, ერთი სასტიკად ნაცემი დეპუტატისაგან ან ციხეში ჩაკეტილი და დაკითხვების ხისტი მეთოდებით შეშინებული პოლიტოლოგისაგან, რომ „მიშას“ ოჯახს არ გავუშინაურდით, არ დავუახლოვდით, არ ველაქუცეთ და ამ ყველაფრის მერე არ დავუწყეთ ცოლის და დედის ხსენება! ჩვენ არ შეგვეხნენ, როგორც გარეშე პირებს (თუმცა კანონი ოდნავადაც რომ დამერღვია – იცოცხლეთ, შემჭამდნენ).

მაშ ასე: ჩემი პოზიცია არ დამიმალავს და „ნაცხროვის“ არ შემშინებია. ამიტომ, დღესდღეობით, „ნაცებს“ თითქმის არ ვეხები, აბუჩად არ ვიგდებ ციხეში მჯდომ სააკაშვილს. ამას ბევრი ისეთი აკეთებს დღეს, რომელიც „მაშინ“ სადღაც იყო შემძვრალი. მაგალითად, ბატონი „ტრუსკავეცი“ ან თმაკულულა ექს-სპიკერი და მათნი მსგავსნი.

არც რაციონის თვლას დავუწყებ მოშიმშილე პატიმარს,  თუნდაც ნაძირალათაგან ყველაზე უფრო დიდ ნაძირალას. მერე რა, რომ ხილფაფა შეჭამა? აბა სცადეთ, წვენზე და ხილფაფაზე იყოთ, შიმშილის გრძნობა, თანაც ძლიერი, პერმანენტულად თუ არ შეგაწუხებთ! მაგრამ, ესეც არ იყოს, როდემდე გინდათ სააკაშვილის რაციონზე, ციხის ყოფაზე, ციხიდან გამოსულ წერილებსა და მითითებებზე ყაყანი? თქვენ ის ხელისუფლება არ ხართ, რომელიც მას გირგვლიანის მკვლელების უკანონო გათავისუფლებას ედავებით, მაგრამ ცოტათი ადრე იმავე მკვლელების უკანონოდ გამომშვებ მოსამართლეებს გაურიგდით და დააწინაურეთ? სად არის ლოგიკა და სირცხვილი?!

მომავალი 6 წლის მანძილზე (რაც „მიშას“ აქვს მისჯილი), ყოველ დღე რომ არ ვისმინოთ „ციხის ნიუსები მიშაზე“, რაიმე „ისეთი“ უნდა მოხდეს. ალბათ ის, როგორც „ტრუსკავეცმა“ თქვა ცინიკურად, ადამიანი შიმშილობით ორმოცი დღე ძლებს და ვნახოთ, სააკაშვილი 41-ე დღეს ცოცხალი თუ იქნებაო. „ტრუსკავეცმა“, ამ განცხადებით, „მობიძინე“ პრემიერს გადააჭარბა, რომელმაც პატრონს სახელობის დღე „მიშას“ დატყვევებით მიულოცა… ეს არის ჩიხი, პრაქტიკულად გამოუვალი ვითარება.

ამ ჩიხიდან ქვეყნის გამომყვანი ეს ხელისუფლება და ეს საზოგადოება არ არის. ელემენტარულში იყიდებიან – თავიანთ უსუსურებას ავლენენ და მათგან სხვას რას უნდა მოველოდეთ. აი მაგალითად, „ქოცნახირს“ აყოლილი ხალხი (ისიც ნახირი?) ახლა ყვირის – „ირაკლი“, როგორ გაბედე და გადაგვაგდე, კოვიდ-პასპორტები შემოიღე და ეგ იგივე იძულებითი ვაქცინაციაა, ირიბადო! დიახ, პატივცემულებო, ასეა, დაგპირდათ – არ იქნება იძულებითი ვაქცინაციაო, მაგრამ გადაგყარათ. აბა, ორი წლის წინ იმავე სიმღერას რომ გიმღეროდნენ – ოღონდ სალომე აირჩიეთ პრეზიდენტად და მეტს აღარ გადაგაგდებთო, ხომ აგარჩევინეს და მაინც გადაგაგდეს? ახლაც ზუსტად იგივე განმეორდა – ოღონდ ახლა აგვირჩიეთ, „ნაცხროვა“ არ დაუშვათ ხელისუფლებაში და იძულებით ვაქცინაციასაც არ გკადრებთო, დაგპირდნენ. თქვენისთანების დახმარებით, გაიმარჯვეს და მაშინვე დაივიწყეს დანაპირები. ახლა ისევ გლობალისტები თუ გვიშველიან, შეცვლიან „რეგულაციებს“ და აქაც შეიცვლება კოვიდ-პასპორტების გამოყენება, მაგრამ ჯერ მოგიწევთ დისკრიმინაციის ატანა.

ზემოთ ნახსენებ „ცნობად სახეებს“ მივუბრუნდები, უფრო სწორად – ტელევიზიებში „გაჯეჯილებულთა“ იმ ნაწილს, რომლებიც „ქოცნახირზე“ მუშაობენ. ვეჟო, ეს რუსეთი როგორ არ მოგბეზრდათ?! „ნაცხროვა“ ხომ დამთხვეულია და ყველაფერში პუტინი ელანდებათ (უკვე ვფიქრობ, რომ ალალად), მაგრამ თქვენ, ფრიად ჭკვიანნი, პატრონისთვის კოჭების გამგორებელნი, ასე რამ დაგაქლიავათ? რუსთმოძულეობა, რომლის ექსპლუატაციასაც „ნაცხროვასავით“ უნამუსოდ ეწევით, არა მხოლოდ ამორალურია, არამედ ნაკლებ ეფექტურიც. ცდილობთ, სააკაშვილის დისკრედიტაცია მოახდინოთ, როგორც რუსეთის დაკვეთის შემსრულებლისა. „ნაცხროვამ“ თავად აიგდო სასაცილოდ თავისი ბელადი, როდესაც იგი „პუტინის პირად პატიმრად“ გამოაცხადა და ხროვის წევრები ამ სისულელეს ფრიად სერიოზული სახის გამომეტყველებითა და დრამატული ინტონაციით იმეორებენ. მაგრამ როგორც კი „ნაცები“ ასეთ შეცდომას უშვებენ და თავს იმარგინალებენ, საქმეში ერთვებიან „ქოცები“ და სააკაშვილს ისევ სერიოზულ იმიჯს უბრუნებენ, როდესაც მას „კრემლის კაცად“ აცხადებენ!

ერთმა ცნობილმა „ცნობადმა სახემ“, რომელსაც ღრმა დაშიფრვის მიზნით „ქოცნობს“   ვუწოდებ, ასეთი რამეც გამოაცხადა: შეხედეთ, რა დღეში არიან რუსული ტელევიზიები, გაჰკივიან, მიშას არჩევნები გაუყალბესო, ამიტომ, დასკვნები თავად გააკეთეთ, ხალხო, თუ ვის დაკვეთებს ასრულებს მიშაო…

ყველა-ყველაფერი, მაგრამ რუსულ ტელევიზიებს „მიშასადმი“ ხელის დაფარებაში ვერ დაადანაშაულებ! პირიქით, რუსული ტელევიზიები არ ცხრებიან და ხან სერიოზულად, ხან ცინიკურად, „მიშიკოს“ გაპარტახებაზე არიან გადასულნი. ერთადერთი რუსული არხი, რომელიც სააკაშვილს ექომაგება, ოპოზიციურ-ანტიპუტინური „დოჟდია“, თავისი პათოლოგიური, ბოღმით გაჟღენთილი წამყვანით, ეკატერინა კოტრიკაძეთი, რომელიც „მიშაზე გიჟდება“. ახლა შენ, „ქოცნობო“, რატომ კადრულობ ასეთ ტყუილს და „მიშას“ მოძულე ქართველებს რუსეთს აძულებ (შენი ჭკუით), არიქა, ჩვენს მტერ „მიშას“ ჩვენი კიდევ უფრო დიდი მტერი – რუსეთი უჭერს მხარსო?! იქნებ, სააკაშვილიც იმ ძალებმა გამოგზავნეს საქართველოში – ციხეში ჩასაჯდომად, როგორც ნავალნი დააბრუნეს რუსულ ციხეში ჩასაჯდომად? ამაზე რომ იფიქრო, თავი გეტკინება?

მე ვიფიქრე და, სიმართლე გითხრათ, არც ამის მჯერა, მაგრამ ყველამ თავისი დასკვნა გააკეთოს!

 

 

გულბაათ რცხილაძე