კონსტიტუციას და კანონებს ნუ მასწავლით – ასე უპასუხა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საქმის პროკურომა ჯარჯი წიკლაურმა ოპოზიციონერ გიგი უგულავას.
სასამართლო სხდომაზე გიგი უგულავამ მოითხოვა, რომ პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქების საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მაინც მიეცათ.
– “პირველი არხს მაინც მიეცით ლაივის უფლება, ხომ იცით, რომ განსაკუთრებული საჯარო ინტერესის საგანია, უამრავ ადამიანს აინტერესებს. რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ პირდაპირ ეთერში გადასცეს. თქვენ არ ხართ თავისუფალი გადაწყვეტილებებში, ადამიანი არ მოგყავთ, ყველაფრის უფლებას გვართმევთ. თქვენთვის უკეთესი არ არის რომ საჯარო იყოს“ – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლე ნინო ელიეშვილს.
საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ გიგი უგულავას პრეტენზიები გაუგებრია, რადგან სხდომას კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან მასალას სხვა ტელევიზიებსაც. „გაუგებარია ეს პრეტენზიები, კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან. ნუ გვიყვირით“ – მიმართა პროკურორმა გიგი უგულავას.
წყარო: itv.ge