თუკი გლდანის ციხეში ყველაფერი წესრიგშია, რატომ გადაიყვანეს 580 პატიმარი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში?
თუკი გლდანის ციხეში ყველაფერი წესრიგშია, რატომ გადაიყვანეს 580 პატიმარი სხვადასხვა სამკურნალოდაწესებულებაში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში? – იმიტომ, რომ იქ არ არის არავითარი სერვისი და ხელისუფლება გვატყუებს, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ნუ დაუჯერებენ ამ ბილწ, მატყუარა ადამიანებს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან 8 დეპუტატთან ერთად შიმშილობს.
მისი თქმით, ხელისუფლებას შურისძიების მოტივი აქვს და შეგნებულად უქმნის საფრთხეს მიხეილ სააკაშვილს.
“თუკი სადმე სააკაშვილის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ფსიქიკას საფრთხე ემუქრება ეს არის გლდანის ციხე და ამას შეგნებულად აკეთებენ. სამოქალაქო კლინიკაში ის მეტად დაცული იქნება, რატომ გახდა განსაკუთრებული შემთხვევა ეს, თუ არა სიძულვილის, შურისძიების გრძნობით შეპყრობილი ხელისუფლება. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს როცა გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში, ჩვენ ვთქვით, რომ ამ შემთხვევაში შევწყვეტთ” – განაცხადა კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში შიმშილობა 14 ნოემბერს გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც პარლამენტში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს. ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.
წყარო: newposts.ge