გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იძულებული გახდა, დიალოგი გაება ბელარუსიის “დიქტატორ” ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, რომლის ლეგიტიმურობასაც ქალბატონი კანცლერი, თავის მთავრობასთან და მთელ ევრობიუროკრატიასთან ერთად, არ აღიარებს. რა მოხდა ასეთი და შემდგომში რა მოხდება?
ის, რომ ანგელა გულჩვილი ქალია და ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ყინვაში დაყრილი ლტოლვილები შეეცოდა, არასწორი ვარაუდი იქნებოდა. მართალია, 2015 წელს მან ასობით ათას აზიელ მიგრანტს გაუხსნა გზა გერმანიაში ფაქტობრივად უკანონო მიგრაციისთვის, რითაც ქვეყანა კინაღამ ქაოსში ჩაძირა (მალე ამ მიგრანტებმა გერმანელ ქალებზე ქუჩებში “ნადირობა” გააჩაღეს), მაგრამ გერმანელი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ეს ქმედება მერკელმა გლობალისტური პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ჩაიდინა და არა ჰუმანიტარული მოსაზრებებით. ახლაც, როდესაც მან უკვე რამდენჯერმე დაურეკა “დიქტატორად” გამოცხადებულ ლუკაშენკოს, ამის პოლიტიკური აუცილებლობა დაინახა. მერკელს რომ ლტოლვილები შესცოდებოდა, ჰუმანიტარული კრიზისის დაწყებიდან პირველსავე დღეს გადადგამდა ნაბიჯს და ბელარუსიის ლიდერს მიმართავდა, რომელსაც აქვს ბერკეტები კრიზისის დასაძლევად – ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც აქვს.
მაგრამ არა, მერკელმა იცადა, იქნებ ლუკაშენკოს რამე შეცდომა დაეშვა. მისდა სამწუხაროდ, ბელარუსიის პრეზიდენტმა ყველაფერი სწორად გააკეთა: ლტოლვილებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, დააპურა, გაათბო, მედიკამენტებით მოამარაგა ყველა მათგანი, პირველ რიგში, ბავშვები და ქალები. პოლონური დეზინფორმაცია აღმოჩნდა ისტორია, თითქოს ბელარუსი მესაზღვრეები აზიელ მიგრანტებს ავტომატიდან სროლის ხმით აშინებდნენ და უკან, ბელარუსიის ტერიტორიაზე აღარ უშვებდნენ. ლტოლვილები არა ბელარუსი მესაზღვრეების შიშით, არამედ იმის დაუოკებელი წყურვილით არ იხევენ უკან და პოლონეთის საზღვართან დგანან, რომ შეუერთდნენ ევროპაში, ძირითადად გერმანიაში უკვე მცხოვრები თავიანთი ოჯახების წევრებს, ნაცნობ-მეგობრებს ან დამოუკიდებლად მოიკიდონ ფეხი ამ ქვეყანაში, რომლის ჯერ კიდევ ლიდერმა მათ თავის დროზე ევროპის კარი გაუხსნა. ახლა მერკელი იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა თითქმის ორკვირიან კრიზისზე და ლუკაშენკოსთან ლტოლვილთა პრობლემის მოგვარებაზე დაიწყო საუბარი. აქვე ისიც უნდა აღნიშნოს, რომ მერკელმა ყველაფერი სცადა, რომ ლუკაშენკოს არ დალაპარაკებოდა; მან ჯერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკა და, როგორც გერმანული მასმედიის ნაწილი იუწყება, მას მოუწოდა კიდეც “გააჩერეთ ლუკაშენკო!” მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი რომ ზეწოლას არ ექვემდებარება, ცხადზე უცხადესია. როგორც ჩანს, პუტინის პასუხი იყო: “თავად დაელაპარაკეთ სუვერენული სახელმწიფოს ლიდერს!” მერკელიც იძულებული გახდა, პუტინის რჩევას დაჰყოლოდა.
ბელარუსიის ლიდერი, რომელიც ლტოლვილების პოლონეთის საზღვარზე მოზღვავებას ხელს არ უწყობს, მაგრამ არც უშლის, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ლუკაშენკო დიდი ხანია, ამბობს, რომ დასავლური ეკონომიკური სანქციების პირობებში მისი ქვეყანა თავს ვალდებულად აღარ გრძნობს, ევროკავშირის საზღვრები მიგრანტებისგან დაიცვას. “არ იქნება სანქციები? – აღარ იქნება უკანონო მიგრაცია” – ეს მესიჯი იკითხება სტრიქონებს შორის, ბელარუსი პრეზიდენტის განცხადებებში. თუმცა ლუკაშენკო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანურ საზღვრებს არ გასცდენია და ლტოლვილებს არაადამიანურად არ მოპყრობია.
არაადამიანურობა უფრო პოლონური მხარისგან მოდის. რამდენჯერ მიასხეს ცივი წყლის ჭავლი ტყეში დაბანაკებულ უიარაღო ლტოლვილებს, რომელთაგან არც ერთ მათგანს არ უნდა პოლონეთში დარჩენა და ამ ქვეყანაში შესვლა მხოლოდ რამდენიმე საათით, გერმანიამდე მისაღწევად სჭირდება. პოლონეთის ხელისუფლებამ 20 ათასამდე კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო და სპეცდანიშნულების შენაერთების მობილიზება მოახდინა ბელარუსიის საზღვართან, რაც იქ მყოფი უიარაღო ლტოლვილების საერთო რაოდენობას დაახლოებით ათჯერ აღემატება. საზღვრის გასწვრივ დაფრინავენ პოლონეთის სამხედრო ვერტმფრენები, გამოჩნდა ჯავშანტექნიკა. ლტოლვილებს, რომელთა რიგებში ბევრი ქალი და ბავშვია, წყლით გაწუწვა ნულთან მიახლოებულ ტემპერატურებზე არ აკმარეს, მათ თხევადი გაზიც “აპკურეს”, დროებითი სიბრმავის და სიყრუვის გამომწვევი ყუმბარებიც ესროლეს… ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ლტოლვილებმა რკინის მავთულხლართების გაჭრა სცადეს – ისეთივე მავთულხლართებისა, რომლებიც ქართველებში ცუდ ასოციაციას იწვევს…
პოლონეთს ხელს აძლევს კრიზისი. ფაქტობრივად, არც გერმანია, არც ბრიუსელი და არც მოსკოვი, ისევე, როგორც მინსკი, დაინტერესებულნი არ არიან ამ კრიზისით, გარდა ვარშავისა. რატომ? – იმიტომ, რომ პოლონეთს ევროკავშირთან (რომლის წევრიც თავად არის) ანუ ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ძალიან ცუდი ურთიერთობები აქვს, ყოველ შემთხვევაში, პოლონეთის ახლანდელ მემარჯვენე მთავრობას. ახლა, როდესაც ჰუმანიტარული კრიზისი წარმოიშვა და ევროპამ, ლუკაშენკოს ჯიბრით ლტოლვილების მიღებაზე უარი თქვა – აქაოდა, “დიქტატორი” არ წავახალისოთო, ვარშავამ თავი გამოიჩინა და ევროპელი კრიტიკოსები გააჩუმა. ლამის ევროპის “ნაძირალად” გამოცხადებული პოლონეთი “ევროკავშირის აღმოსავლეთი საზღვრის მცველად” გამოცხადდა. პოლონეთს აქებენ გერმანიაშიც, არადა, გერმანია-პოლონეთის ურთიერთობებიც, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ პრობლემატურია.
ყველაფერი აქედან გამომდინარე, პოლონეთი, ნაცვლად ბრიუსელის დახმარებების შემცირებისა, ამ დახმარებების გაზრდას ელის. გარდა ამისა, მთავრობამ, რომელმაც ორად გახლიჩა საკუთრივ პოლონური საზოგადოება და ერთი ნაწილი რადიკალურად დაიპირისპირა, საშინაო პრობლემასაც დროებით აგვარებს – მთავრობის კრიტიკოსები ქვეყნის შიგნითაც გაჩუმდნენ. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა საზღვრისპირა რაიონებში, სადაც ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებადამცველებს არ უშვებენ.
ყოველივე ამის შემდეგ პუტინის და კრემლის დადანაშაულება კრიზისის წარმოშობაში მიამიტობა ან პროვოკაციაა. მართალია, ლუკაშენკოც ნაწილობრივ აგვარებს თავის პრობლემას – შესაძლოა, მუქარების მიუხედავად, ევროპამ სანქციები არ გაამკაცროს, სამაგიეროდ, ლუკაშენკოსთან ევროპამ ისევ დაიწყო საუბარი. მერკელის გარდა, ბელარუსიის ხელისუფლებასთან კავშირზეა ევროკომისარი ჟოზეფ ბორელიც. როგორც ჩანს, ლუკაშენკო ამჯერადაც მოახერხებს, რთულ ვითარებაში თავისი ქვეყნისათვის გარკვეული სარგებელი მიიღოს.
მერკელი უკვე უახლოებს დღეებში დატოვებს გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობას. იგი თავაწეული ვერ მიდის ამ თანამდებობიდან. წარმატებებთან ერთად, არაერთი წარუმატებლობა ხვდა მას წილად – ბოლო და, ალბათ, ყველაზე მწარე წარუმატებლობა, რომელიც მას, სავარაუდოდ, დაამახსოვრდება, ეს სასაზღვრო კრიზისი და ლუკაშენკოს წინაშე ქედის მოხრაა.
გულბაათ რცხილაძე