კარგია, რომ ნინო ლომჯარია ხშირად ნახულობს ყოფილ პრეზიდენტს, თუმცა გასაოცარია ფაქტი, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ხშირად ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი 4 წლის განმავლობაში.
„ქართული ოცნების“ წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ალტერნატიული სამედიცინო აზრია“, მეორე მხარეს კი იმ ექიმების სამედიცინო აზრია, რომლებიც სააკაშვილს 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან.
როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური მიიღებს. სუბარისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება მე-18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკა საფრთხის შემცველი იყოს, როცა ის „კარგად აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებულია“.
„ზოგადად, მედიცინაში არსებობს სამედიცინო აზრი და არსებობს ალტერნატიული აზრი. ამ შემთხვევაში, ის რაც ლომჯარიას მიერ შექმნილმა კომისიამ ჩამოაყალიბა, ალტერნატიული აზრია. გასაოცარი იყო, რაც მოვისმინე, რომ მათ კონსულტაციები არ ჰქონიათ ადგილობრივ ექიმებთან. არც იმ ექიმებთან, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არსებულ სამედიცინო ცენტრს წარმოადგენენ და არც იმ ექიმებთან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მე-18 დაწესებულებაში მორიგეობენ. თუ ვინმეს საფრთხე მართლა ემუქრება, ეს შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან არა სამკურნალო დაწესებულებაში, არამედ ადამიანები, რომლებიც პარლამენტში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ან საკრებულოებში შიმშილობენ. თუ ადამიანებს შეუძლიათ იატაკზე, ლეიბებზე იწვნენ, ასე გააგრძელონ შიმშილობა და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, ამ შემთხვევაში გაუგებარია მე-18 დაწესებულებაში, რომელიც მართლა კარგად აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური ექიმებითაა დაკომპლექტებული, რომელსაც აქვს საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილება შიმშილობის პერიოდის მართვის, რატომ შეიძლება იყოს იქ უფრო მეტი საფრთხე, ვიდრე იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც საქართველოს სხვა ტერიტორიებზე შიმშილობენ?“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება სააკაშვილთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას შეფასებებს, სუბარი ამბობს: „კარგია, რომ ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი ხშირ-ხშირად ნახულობს ყოფილ პრეზიდენტს, თუმცა გასაოცარია ფაქტი, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ხშირად ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი 4 წლის განმავლობაში“.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნას აქვეყნებს.
დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
წყარო: itv.ge