ხომ არაფერი გამომრჩა? თუ გამომრჩა, დარწმუნებული ვარ, „ოცნებისა“ და ივანიშვილის თაყვანისმცემელი მკითხველი დაამატებს!

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შემყურეს, ისღა დამრჩენია ანეკდოტებით გავიხალისო თავი — წამიერად მხოლოდ, თორემ მუდმივ გახალისებას ანეკდოტების ტომებიც არ ეყოფა.

ღიმილის კი არა ხარხარის, ცხადია სიმწრის, ხასიათზე გვაყენებს ბედოვლათი ხელისუფლების ახსნა-განმარტება და თანხმობა, რომ მძიმე ეკონომიკური ვითარებაა — გამოწვეული ლარის გაუფასურებით, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პირველადი მოთხოვნილების საგნებზე ფასების მატებით.

შეწუხებული, ისიც ვიშვიშებს, თან გვიმტკიცებს, რომ არაფერ შუაშია, ვინაიდან ყოველივე, გლობალური პრობლემაა — გამოწვეული „კოვიდ-19“-ს პანდემიით. ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ „კოვიდ-19“ პანდემია 2019 წელს დაიწყო, ანუ მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკურ-სოციაური კრიზისი უკვე მძვინვარებდა.

მაშინაც და დღესაც საქართველოს, „ოცნება“ მართავდა და მისი დამაარსებელი, საქართველოს ხილულ-უხილავი, გვირგვინოსანი თუ უგვირგვინო მეფე თუ იმპერატორი, მისი აღმატებულება, მაპატიეთ, მისი უდიდებულესობა ბიძინა ივანიშვილი — სამების ამშენებელი, თბილისის თეატრების გამრემონტებელი, ქართული ინტელიგენციისთვის ყოველთვიური ფულადი დახმარების გამწევი, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის ამშენებელი, შეკვეთილში 10000-იანი საკონცერტო დარბაზის შემქმნელი, იქვე ბოტანიკური ბაღის გამშენებელი, …

ხომ არაფერი გამომრჩა? თუ გამომრჩა, დარწმუნებული ვარ „ოცნებისა“ და ივანიშვილის თაყვანისმცემელი მკითხველი დაამატებს.

ასეთთა რაოდენობა ბევრია, მაგრამ იმავე ავადსახსენებელმა სოციალურ-ეკონომიკურმა გაუსაძლისობამ მკვეთრი ზეგავლენა იქონია მათ რიგებზე, რაც აისახა ამასწინათ ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებზეც, როდესაც ხელისუფალთა მიერ გამოყენებულმა ადმინისტრაციულმა რესურსმა, ანუ ამომრჩეველზე ზეწოლამ, დაშინებამ, მოქრთამვამ, გაყალბებამ, რის ვაივაგლახით „მოაგებინა“ მას არჩევნები.

30 ოქტომბრის გამარჯვება, დამარცხებას უფრო ჰგავდა, რაც მოსახლეობის გულაცრუების ბარომეტრია. რომ იტყვიან — კოვზი ნაცარში ჩაუვარდა ყველა იმას, ვინც პირზე ქაფმორეული გვიმტკიცება ნაცმოძრაობის კატასტროფულ მარცხს, მისი პოლიტიკური არენიდან გაქრობას.

ნაცმოძრაობამ წააგო, მაგრამ სინამდვილეში მოიგო, ვინაიდან მისი პოზიციები ერთიორად განმტკიცდა, მხარდამჭერთა რაოდენობა გაორმაგდა და საქართველოს მეორე პარტიად იქცა.

ეჭვი არ მეპარება, არჩევნები რომ სამართლიანად ჩატარებულიყო, ნაცები პირველობას მოიპოვებდნენ. და ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ნაცები მხიბლავს ან მათი ფანი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ნეიტრალური, მიუკერძოებული პოზიციიდან ასე ვხედავ.

ჩვენდა სამწუხაროდ, სხვასაც ვხედავ — უპირველესად იმას, რომ საქართველოში არსებული 200 პარტიიდან, არც ერთი არ არის პარტია. ყველა „პარტიას“ თითო ყოჩი ჰყავს და ამ თითოს ირგვლივ შეყრილები თავს პარტიას უწოდებენ — ერთმანეთისგან გადაწერილ-გადმოწერილი პროგრამებით.

ყველა მათგანის პოლიტიკური კურსი, ეკონომიკური პროგრამები და ა.შ., რომ იდენტურია, დიდი მტკიცება არ სჭირდება. ამ 200 პარტიიდან ყველას აქვს ქვეყნის მართვის პრეტენზია. არადა საქმე-საქმეზე რომ მიდგეს და მართლაც აღმოჩდნენ ხელისუფლების სათავეში, მთავრობასაც ვერ დააკომპლექტებენ სხვა პარტიებისგან „ნასესხები“ ხალხის გარეშე.

განა ამის მოწმენი არ ვართ ბოლო 9 წლის განმავლობაში, როდესაც გამარჯვებულმა „ოცნებამ“ მოწინააღმდეგე ნაცების ბანაკიდან აუარება ხალხი ჩაიყენა საქვეყნო სამსახურში? ივანიშვილს ბევრი საყვედურობს კოჰაბიტაციისთვის, თუმცა ჩემის აზრით, რომ არა ეს ავადსახსენებელი სიტყვა, განსაკუთრებით მისი არსი, „ოცნებას“ გაუჭირდებოდა ყველა დონის ხელისუფლების სავარძლების შევსება.

არის რამე ამაში გასაკვირი?

არც არაფერი! რამეთუ 3 მილიონამდე მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის უდავოდ შეუძლებელია საჭირო რაოდენობის მეცნიერის, ხელოვანის, სპორტსმენის, ინჟინრის, ფერმერის, სტუდენტის, მოსწავლის და ა.შ. ყოლა, პლიუს ხელისუფლების ყველა თანამდებობის შევსება, ისე, როგორც ძალოვანი სტრუქტურების, სასამართლო ორგანოებისა და სხვა.

ის, რომ „ოცნებამ“ ბევრი ნაცი გამოიყენა — ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არ არის გასაკვირი, თორემ ცივილიზებული ევროპის ქვეყნებისთვის მსგავსი რამ უცხოა.

აქ გასაკვირი არ არის და რატომ? იმიტომ, რომ მათ შორის არავითარ პოლიტიკურ განსხვავებას ადგილი არ აქვს. ორივეს ერთი და იგივე ევროატლანტიკური კურსი აქვს აღებული; ორივე დაბეჯითებით იღვწის ნატოსა და ევროკავშირში შესასვლელად; ორივესთვის რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანაა. ორივე, სადაც კი ამის შესაძლებლობა უჩნდებათ, საერთაშორისო არენა მაქვს მხედველობაში, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ რუსეთს და მის პრეზიდენტს. მაშ, რაშია მათი განსხვავება? ან რატომ არიან ისინი ცალ-ცალკე და არა ერთად?

როდესაც საგარეო და საშინაო პოლიტიკა იდენტურია, რა საჭიროა ორი სახელი — „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“? ეს კითხვა ხშირად ჩნდება ჩვენში, მასად, ბრბოდ წოდებულში, რომლებიც კომედიის მაყურებელს უფრო ვგავართ, ვიდრე ერს, ხალხს.

თუ პოლიტიკა იდენტური აქვთ, მაშ რატომ ებრძვიან ერთმანეთს ესოდენ დაუნდობლად? ეს, კითხვაც გვაწუხებს ბრბოს და მასას. და ჩვენვე ვპასუხობთ, რამეთუ არც ხელისუფლება — „ოცნების“ და არც ოპოზიცია, „ნაცების“ სახით, ამ კითხვას პასუხს არ გასცემენ, ვინაიდან პასუხი ორივესთვის მომაკვდინებელი იქნება — მას თანამდებობისთვის ბრძოლა ჰქვია — არა პოლიტიკური პროგრამის რეალიზებისთვის, მაღალი იდეალებისთვის ბრძოლა, სადაც უპირველესია ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა, პროგრესული გეგმების დასახვა-განხორციელება, განათლების, მეცნიერების, ეკონომიკის მაღალ დონეზე აყვანა, არამედ პრიმიტიული მიზნების განხორციელება თანამდებობის ხელში ჩასაგდებად.

რაში სჭირდებათ თანამდებობაო, არვინ იკითხავს, მათ შორის ქართულ „პოლიტიკაში“ გაურკვეველი მავანიც, ვინაიდან მისთვისაც კი ნათელია, რომ თანამდებობა ძროხის რძით სავსე ჯიქანია, ასე ხარბათ რომ წოვენ ერთიც და მეორეც.

ერთმა — ნაცებმა, ისე წოვეს, ყველამ ვიფიქრეთ, რომ რაც რძე ჰქონდა ქვეყანას სულ გამოღეჭესო, მაგრამ შევცდით. ნაცთა 9-წლიან ღეჭვას, ქოცთა 9-წლიანი ღეჭვა მოჰყვა და ჩვენ რომ გვეგონა ქვეყნის ჯიქნებში აღარაფერი იყო დარჩენილი, იმდენი აღმოაჩინეს — ყველა ქოცს სასახლეების, ძვირფასი ავტომანქანების, მილიონების დაგროვების შანსი რომ გაუჩინა.

მოკლედ და კონკრეტულად, რაც ნაცებმა დააკლეს ამ ქვეყნის ჯიჯგვნას, ქოცებმა შეავსეს და იმდენად გაერთნენ ამ პროცესში, ძუძუს პირიდან გამოღება აღარ უნდათ. არადა, ზურგში მიმდგარ ნაცებსაც ხომ სურთ წოვა?! რომ იტყვიან — მიუჩვეველს ნუ მიაჩვევო, ასეა მათი საქმე.

მივაჩვიეთ ნაცები, თან ისე, რომ აღარაფერს ერიდებიან — ძუძუს მოსაპოვებლად, ქოცთა პირიდან მსუყე ძუძუს გამოსაგლეჯად. ჰოდა, გვიკვირს ნაცთა პერმანენტული მიტინგების, ქუჩების გადაკეტვის, ქოცთა ლანძღვა-გინების?!

არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან მათი ყვირილის წყარო ჩვენ  ვართ, ანუ ამომრჩეველი.

აი, ამ პრიმიტიული მიზნების მქონე ორივე „პარტია“ სოლიდურად რომ გამოჩნდნენ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, დაუკრეფავში გადადის, ანუ საგარეო პოლიტიკაში. ამ პოლიტიკას რუსეთის ლანძღვა ჰქვია. ორივე იჩემებს რუსოფობობას, ორივე ერთმანეთს ეჯიბრება — ვინ უფრო მეტად გალანძღავს რუსეთს, ორივე ერთმანეთს რუსეთის და პირადად პუტინის აგენტობას აბრალებენ ერთმანეთს, მაგრამ რუსეთის გინებაში ნაცები უფრო კრეატიულები არიან — პუტინის პირადი პატიმრის „წოდების“ გამომგონებელს უდავოდ ეკუთვნის ნობელის პრემია.

ხუმრობა იქით იყოსდა, სააკაშვილის მიერ გამოგონებული ტიტული, ისეთი პოპულარობით სარგებლობს ხალხში, უკეთესს რომ მისი ავტორიც ვერ ინატრებდა. და ვისმენთ ამ სისულელეს ნაცი პოლიტიკოსების, მათი გულშემატკივრების, არასამთავრობო ორგანიზაციების პირიდან და გვჯერა, რომ ეს ასეა. გვჯერა იმიტომ, რომ უგუნურებამ დაბინდა საზოგადოების ტვინი, წაართვა მარტივი აღქმის უნარი, ვერ ითავისებს რას ამბობს.

არადა, დამოუკიდებლები ვართო — გავკივივართ. თუ მართლაც ასეა, როგორ შეიძლება ერთი ქვეყნის პრეზიდენტს, დამოუკიდებელ მეორე ქვეყანაში ჰყავდეს პირადი პატიმარი?

ამ განცხადებით, რომ ქვეყნის სახე ზარალდება, მყვირალებისთვის არაფერს ნიშნავს — შეუგნებლობის, უმეცრების გამო.

უმეცრებაა, როდესაც ბირთვული სუპერ-სახელმწიფოს პრეზიდენტი, არშემდგარი ქვეყნის პრეზიდენტის, თანაც ყოფილის დონეზე დაგყავს და ისე იხილავ იმ ქვეყანას და მის პრეზიდენტს, განსაკუთრებით მის საქმიანობას, როგორც პრეზიდენტყოფილის „საქმიანობას“, პრეზიდენტობის დროს.

პუტინის სამუშაო კვირის, თვის, წლის განრიგში სააკაშვილი კი არა, ნემსიც ვერ ჩავარდება — გადატვირთულობის გამო. რით არის ესოდენ ბრიყვული განცხადება გამოწვეული? უცოდინრობით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ზერელე აღქმით, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტი ისეთი ინტენსიურობითაა ჩართული, გვერდზე გახედვის დროც არ აქვს და ამ დროს მისთვის ვიღაც ყოფილი პრეზიდენტი?

უცოდინრობის კასკადი გადმოაფრქვია ყოფილმა ელჩმა, ამჟამად პარლამენტარმა, მისი გაგებით საერთაშორისო საკითხებში გაწაფულმა სალომე სამადაშვილმა — ერთ-ერთ რადიო-ეთერში, დაცინვით აღნიშნა რა — „ოცნება“, საქართველოს, ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ მიაქანებსო.

„ოცნება“ რომ ქვეყანას ცენტრალური აზიისკენ მიაქანებდეს რა გვიჭირდა. რა აქვს დასაწუნი უზბეკეთს, ყაზახეთს, თურქმენეთს? იქნებ ეკონომიკა, სტაბილური სახელმწიფოებრიობა თუ გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები? აღმშენებლობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. შეხედეთ ყაზახეთის დედაქალაქს — 5 წლის განმავლობაში აშენებულს და მერე შეხედეთ თბილისის მერიის წინ „ცენტრ პოინტის“ დანატოვარი საცხოვრებელი სახლის კარკასის ნგრევას, რომელსაც 3 თვეა ანგრევენ — ერთ კვირაში მოსათავებელს.

ცენტრალური აზიის ქვეყნებს ისეთი საქმიანი ურთიერთობები აქვთ, როგორც მეზობლებთან, ისე აშშ-ნ და ევროკავშირთან, საქართველოს რომ არ დაესიზმრება. ამერიკელებმა დაინახეს, რომ ყირგიზეთიდან ქვეყანა არ დადგებოდა და სამხედრო ბაზა დახურესო — ბრძანა მატრაკვეცა სალომემ და მორიგი ტყუილით გაბერა მსმენელი.

ამერიკამ, სამხედრო ბაზა კი არ დახურა, ყირგიზეთის მთავრობამ აიძულა დაეხურა და ქვეყნიდან წასულიყო. დღიდან წასვლისა, ვაშინგტონი ყელგამოწვდილი ეხვეწება ყირგიზეთს ბაზის გახსნას და არა მარტო მას, ყაზახეთს, უზბეკეთს, მაგრამ ვერაფერს გახდა.

აი, ასეთ „სიმართლეს“ გვტენიან ნაც-ქოცები 20 წლის განმავლობაში, შედეგიც სახეზეა — შიმშილი, ხალხის უკიდურესი გაღარიბება, გაურკვეველი მომავალი, სრული უიმედობა. ვინ არიან ამ „საამური“ ცხოვრების ავტორები? ჯერ ნაცები, შემდეგ ქოცები. არც მანამდელნი იყვნენ ქვეყნისთვის თავდადებულნი, მაგრამ ამ ორმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ცხადია ნეგატიურის თვალსაზრისით.

ამ ორშიც არის მოპირველე, ანუ „გამარჯვებული“— ეს „ოცნებაა“. მან სახელმწიფოს ძარცვის, ბიუჯეტში ხელის ფათურის ისეთი ოსტატობა გამოავლინა, „ნაცებიც“ რომ გააკვირა. ამიტომაა ნაცთა ბრძოლა მუდმივი და თავდაუზოგავი. 9-წლიანი პაუზაა შესავსები, რისთვისაც ღირს „შიმშილობაც“, პუტინის პირადი პატიმრობაც, მიტინგობაც და ა.შ.

რასა იქმს მმართველი „ოცნება“, რაზე ოცნებობს, რა სურს მას?!

ეს კითხვა, როგორც გამოცანა, ვერადავერ ამოხსნა რიგითმა ქართველმა, ვინაიდან ვერადავერ დაიჯერა დღისით, მზისით ისეთი ტყუილების გაგორება, ვირტუალურის, რეალურად შემოტენვა, როგორც „ოცნებამ“ აკადრა გაბრიყვებულ ქართველობას.

რას ფიქრობს გაბრიყვებული ქვეყანა?

უპირველესად იმას, რომ გაბრიყვებული არ არის. პირიქით, კმაყოფილია, ვინაიდან ცოცხის უკანალში გარჭობის საშიშროებას არის აშორებული, თან საამური ცხოვრების მოლოდინშია. აი, ისთში, ბიძინამ რომ დაუხატა 2012 წელს.

ასეთს, რაც არ უნდა შეუძახო გამოფხიზლდიო, არ გამოფხიზლდება — საღათას ძილს გააგრძელებს. ასეთია საქართველოს ნახევარი მოსახლეობა, მათ შორის ისეთებიცაა, ჭკუა რომ მოეკითხებათ.

მეორე ნახევარს საქართველოსი, აინტერესებს რით არის გამოწვეული ესოდენ თვალშისაცემი კერპთაყვანისმცემლობა, პირველ ნახევარს რომ „კოვიდ-19“-ვით შეყრია, მაგრამ ვერ გამოუცნია და ვერც გამოიცნობს, ვინაიდან ძნელი გამოსაცნობია. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, ობიექტურო მკვითხველო, რა უნდა ხიბლავდეს მავანს — ქვეყნის მიმართ პატრიოტული გრძნობების მატარებელს, ქვეყნის დაქცეულ ეკონომიკაზე მოდარდეს, ხოტბას ასხამდეს ამ „საამური“ ცხოვრების უპირველეს ავტორსა და შემოქმედს?

მიკვირს, მაოცებს ამ სიტყვების ავტორის პათოსი ივანიშვილის მიმართ — შავით, თეთრზე დაბეჭდილის გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“:

„არ მგონია, საქართველოში მოიძებნოს ოდნავ მაინც საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თქვენი მადლიერი არ იყოს, განსაკუთრებით 2012 წლიდან. მეც მათ შორის ვარ…

<…> თავს უფლება მივეცი, მომემართა თქვენთვის, რადგან ვიცი, რომ სხვაზე უფრო მეტად თქვენ შეგტკივათ გული ჩვენი სამშობლოს დღევანდელობასა და მომავალზე …

<…> პირდაპირ გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ პოლიტიკაში, თანაც სასწრაფოდ! …

<…> თქვენი ახალგაზრდა გუნდი მართლაც შესანიშნავია. ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის მამას, გია კობახიძეს პირადად ვიცნობ, ასეთი კაცის ვაჟი რასაკვირველია, საუკეთესოთა შორის, საუკეთესო იქნება მხოლოდ…“ — წერს არმაზ სანებლიძე.

ამავე გაზეთის მეორე გვერდზე კი ვკითხულობ: „ამ „ქოცნახირის“ მწყემსი არც ისეთი ბრიყვია და თავისი საქმე იცის. გამათხოვრებული ქვეყნის ხარჯზე მილიარდებს ამრავლებს და ოფშორებში აბანდებს, თანაც თავს ამადლის ქვეყანას და ხროვის რევანშით აშინებს.“ — გულბაათ რცხილაძე.

გაზეთის ერთ ნომერში ორი მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება, უფრო სწორად შეფასება ღმერთთან გაიგივებული პიროვნებისა.

ღმერთისა რა გითხრათ, მაგრამ განათლების მინისტრმა ჩხენკელმა ეფთიმეს ხომ გაუტოლა?  მინისტრის რა გასაკვირია, მაგრამ ჟურნალისტის?

დემოკრატიაც ეს არის — გაზეთის მიერ ლანგარით მორთმეული ორი მოსაზრება, რომელიც გინდათ ამოირჩიეთ, მაგრამ „მირთმევამდე“ კარგად დაფიქრდით, კერძმა რომ არ გაწყინოთ.

ხალხის ერთი ნაწილი პირველს ამოირჩევს — 9 წლის განმავლობაში რომ ჭამდა, მიუხედავად უგემურობისა. ახლის (ნაცები არ მყავს მხედველობაში) გასინჯვა არ უნდათ, სიძველეზე აღზრდილს.

სიახლე არ სურთ, თუნდაც კერძის სახით და ქვეყნის სიახლეს ისურვებენ? არადა სიახლის, ცვლილების გარეშე ქვეყნის არსებობა შეუძლებელია, თანაც ახალგაზრდის, ისეთის, როგორიც ჩვენია.

მე და ჩემმნაირები (ასეთებიც არიან) მეორეს — რცხილაძისას ამოვირჩევთ, ვინაიდან სიმწარე დაჰკრავს — დასაფიქრებელი, გასათვალისწინებელი, ჭკუის სასწავლებელი, გამაფრთხილებელი და ოპტიმიზმიც ხვალინდელი დღისადმი. მეორე, ხალხის გამოსაფხიზლებელი შეძახილია — რაც ესოდენ ესაჭიროება ქვეყანას.

პირველის გულდასაწყვეტად (თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ამას ჰქონდეს ადგილი), ვიტყვი, თავგასაპნულობა აბანოში გამიგია, გაზეთის ფურცლებზე? თუმცა დღევანდელი ბეჭდური მედია ყველაფერს იტანს და ივანიშვილის ხოტბას ვერ აიტანს?!

ივანიშვილის ხოტბასაც აიტანს, კობახიძისაც, ღარიბაშვილისაც, კალაძისაც და თქვენ წარმოიდგინეთ ღარიბაშვილის მამის მოურავის, ვინმე კაკაშასისაც … ანუ იმ პირებისაც, ვინც ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი