დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები შევლენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს ინტენსიური თერაპიის პალატაში, მას პირველადი რეანიმაციული დახმარება გაეწია და გადავიდა ინტენსიურ თერაპიაში. ტრანსპორტირება ჩატარდა ნორმალურად, კარგად, მოხერხდა ავადმყოფის ჩამოყვანა გორში, ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი იქვე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. მდგომარეობა მძიმეა, რთულია.
აქ მომუშავე ბევრ ექიმს ვიცნობ, საკმაოდ გამოცდილი და კარგი ექიმები არიან. ასევე მორიგეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი, რეანიმატოლოგები, რომლებიც დღესაც დარჩებიან და აქ იქნებიან მუდმივად მორიგეობით“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მისივე თქმით, სავარაუდოდ ორ დღეში მოინახულებენ სააკაშვილს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრები, მოგვიანებით კი, „ემპათიას“ ჯგუფის წარმომადგენლები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.
საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.
“იმედინიუსი”