პრემიერი სპორტსმენებს – დიდი ქვეყნები ვერ იამაყებენ 21 მსოფლიო , 4 ოლიმპიური და 30-ზე მეტი ევროპის ჩემპიონით

გიორგი გახარია სპორტსმენებს – თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, ამ საკმაოდ მწვავე პრობლემების წინ მდგარ რეგიონში – საოკუპაციო ხაზთან.

დიდი ქვეყნები ვერ იამაყებენ 21 მსოფლიო ჩემპიონით, 4 ოლიმპიური ჩემპიონით და 30 კაცზე მეტი ევროპის ჩემპიონით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებისგან სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი მხრიდან გამოთქმულ ინიციატივებს გაეცნო.

„თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, თან ამ საკმაოდ მწვავე პრობლემების წინ მდგარ რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან. ისიც მესმის, რომ ეს დამატებით ემოციას და დამატებით ჟინს გაძლევთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მეტი იშრომოთ და იბრძოლოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის ღირსება, ის გულწრფელობა, რომლითაც თქვენს რეგიონს და ხალხს ემსახურებით.

მინდა იცოდეთ, რომ აქ ნათქვამი სიტყვა შესრულდება და თუ რამის გაკეთებას ვერ გავწვდებით, არც ამის პირდაპირ თქმას მოვერიდები.

შემთხვევითი არ არის, რომ რეგიონებში სიარული დავიწყეთ ქართლით. აქ ძალიან მძიმე საოკუპაციო ხაზი გვაქვს. შემთხვევითი არ არის რომ ქართლიდან დავიწყეთ გორით, იმიტომ, რომ ამ ქალაქს თავისი წარსული, თავისი ისტორია, თავისი ადგილი და სიტყვა აქვს ჩვენი ქვეყნის წარსულშიც და დღევანდელ დღეშიც. არც ის გეწყინებათ ალბათ, რომ პირველი ჯერ პედაგოგებს შევხვდით, შემდეგ მედიკოსებს და ახლა სპორტსმენებს. სინამდვილეში ამას აქვს მარტივი ახსნა – ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია და ამის ყველაზე კარგი განსახიერება ხართ თქვენ. ჯანმრთელობა და განათლება – ეს უნდა იყოს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდობის და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების წინაშე, რაც მთავრობის პირდაპირი პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ამ ხალხს ეფექტურად ემსახუროს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.